“აბიბოს ბრძენსა... ნათლისა ძესა”

VI საუკუნის ივერიაში შუამდინარეთიდან სამოღვაწეოდ მოვლენილ ასურელ ბერებს ქრისტეს რჯული უნდა განემტკიცებინათ ახლადმოქცეულ ქვეყანაში. “ესე ვითარნი ქუეყნისა ანგელოსნი, ნათელნი სოფლისანი, სავსენი ნელ-საცხებელითა, რომლითა თვსთა სიმხნითა განაშვენეს სოფელი ჩვენი”, - გვაუწყებს მემატიანე წმიდა მამათა შესახებ, რომელთა     სახელები უკავშირდება საქართველოში დიდი სამონასტრო კოლონიზაციის, ინტენსიური მისიონერული მოღვაწეობის დასაწყისს, მძლავრი სამეცნიერო-კულტურული კერების შექმნასა და ორიგინალური აგიოგრაფიული თუ ჰიმნოგრაფიული მწერლობის აღმოცენება-განვითარებას.

საქართველოში ჯერ კიდევ I საუკუნეში წმიდა მოციქულების - ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელისა და მატათას მიერ იქნა ქრისტიანობა ნაქადაგები და IV საუკუნის 20-იან წლებამდე ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვიდრე ქართლში ოფიციალურ რელიგიად არ გამოცხადდა მოციქულთასწორის წმიდა ნინოს მოღვაწეობით და ასევე მოციქულთასწორ მეფე-დედოფლის - მირიანისა და ნანას შემწეობით. IV ს-ში ქრისტიანობა საქართველოში უკვე ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა, V საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალობა მოიპოვა, თუმცა ამ აღმასვლამ დიდხანს ვერ გასტანა მტრის ფიზიკური თუ სულიერი მძლავრობის გამო. სპარსელთა შემოსევებმა, რომლის მიზანი ახალმოქცეულ ქვეყანაში ქრისტიანობის აღმოფხვრა და ზოროასტრიზმის აღმოცენება გახლდათ, სერიოზული საფრთხე შეუქმნა ჭეშმარიტ აღმსარებლობას. ღმრთისმშობლის წილხვედრ ივერიაში ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ  საჭირო გახდა “ასურელ მამათა” საქართველოში მესიანისტური მისიით გამომგზავრება.

ძველი წყაროების მიხედვით, მოღვაწე მამები “ათორმეტნი ან ათსსამეტნი” იყვნენ, ზოგიერთი წყაროს მიხედვით უფრო მეტნიც, როგორც ჩანს ქრისტესა და მისი 12 მოციქულის ანალოგიით.

ლიტერატურული წყაროებისა თუ საისტორიო თხრობათა მიხედვით, ქართლში სირიელ მოღვაწეთა შემოსვლის დროზე, მათ რაოდენობაზე, ეროვნულობაზე, ქართლში მოსვლის მიზეზებსა და მიზნებზე სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვა აზრია გავრცელებული. მკვლევართა ნაწილი ქართლში მისიონერ მამათა მოსვლას ათარიღებს VI საუკუნის დასაწყისით, უმრავლესობა -VI საუკუნის შუა ხანს უჭერს მხარს. უკანასკნელად მამათაგან აბიბოს ნეკრესელი შემოსულა - 571 წელს.

ასურელ მამებს წმიდა მამა იოანე, შემდეგში “ზედაზნელად” წოდებული წინამძღვრობდა, განსწავლული ანტიოქიის იმ საგანმანათლებლო სკოლაში, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენლები ქრისტიანულ სამყაროში აღიარებული წმიდა მამები კირილე იერუსალიმელი, იოანე-ოქროპირი, ნეტარი თეოდორიტე კვირელი გახლდნენ.

მემატიანის ცნობით, ქართლის საზღვრებს მოახლებულმა მამებმა “ფეხდაულტობლად” გადალახეს მდინარე და მცხეთაში შევიდნენ... ქართლის მეფე ფარსმან VI-ს და კათოლიკოს ევლავიოზს უფლის ანგელოზის ბაგით ეუწყათ შუამდინარეთს “აღმობრწყინებულ” მამათა საქართველოში მობრძანების შესახებ და მოწიწებით შეეგებნენ მათ. ნეტარმა იოანემ “წამსა შინა ისწავა ენა ქართველთა სულისა წმიდისა მიერ” და ქართულად მიესალმა მეფესა და მის თანმხლებ კრებულს.

უფლის ანგელოზის მიერ ხელდასხმულმა თორმეტმა რჩეულმა მამამ (რომელთა შორის მოიაზრებიან: დავით გარეჯელი, შიო მღვიმელი, ანტონ მარტყოფელი, ისე წილკნელი, აბიბოს ნეკრესელი, იოსებ ალავერდელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ზენონ იყალთოელი, პიროზ ბრეთელი, მიქაელ ულუმბოელი, სტეფანე ხირსელი და ისიდორე სამთავნელი) ევლავიოზ კათოლიკოსის (552-560 წწ.) კურთხევითა და წმიდა იოანე ზედაზნელის წინამძღვრობით ზედაზნის მთას მიაშურა და იქ დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იყო აღმართული... სიმბოლური და ღვთის ნების გამოხატულება იყო ქრისტიანული სარწმუნოების მცველ მამათა ზედაზენზე დასახლების ფაქტი.

ზედაზნის მთაზე მცირე ხნის მოღვაწეობის შემდეგ, წმიდა იოანე ზედაზნელს ღმრთისმშობლისაგან ეუწყა, მასთან მოღვაწე მამები საქადაგებლად დაექსაქსა  “ქართლად” და “კახეთად”. მათ შორის ნეტარი მამა აბიბოსი - ნეკრესს. აბიბოსი თავისი ნების წინააღმდეგ დამორჩილდა კათოლიკოსისა და მოძღვრის კურთხევას და საეპისკოპოსო ღვაწლით შეიმოსა... “იქმნა ეპისკოპოზ, მწყემსი გაღმხრისა დიდოთურთ. ამან მოაქცინა უმრავლესი მთიულნი”, - ვკითხულობთ ვახუშტისაგან “ქართლის ცხოვრებაში”.

ძველი წყაროებით ნეკრესი ქალაქს წარმოადგენდა აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთს, ყვარლის ახლოს. ლეონტი მროველის ცნობით, ფარნაჯომ მეფემ “იწყო შენებად კახეთს ქალაქსა ნელქარისსა, რომელ არ ნეკრესი...” ვახუშტის ქრონოლოგიით ფარნაჯომი მეფობდა 112-193 წწ. ე.ი. ძველი ისტორიოგრაფიით ნეკრესს საფუძველი ჩაეყარა ქრისტიანობის წინარე ხანაში, ნეკრესი შემდეგ მეფე არშაკ მირვანის ძეს გაუშენებია. IV ს-ში, მეფე მირიანის მეფობაში მისმა მამამძუძე “მირვანოზ ჰმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა და უმეტეს ყოველთასა მოამტკიცნა ზღუდენი ნეკრესისა ქალაქისანი” (“ქართლის ცხოვრება”).

ქრისტიანობის გავრცელების ახლო ხანებში ნეკრესს ეკლესია აუგიათ. “თრდატ მეფემ ნეკრესს კახეთისასა ეკლესიაი აღაშენა განსრულებით” (“მოქცევაჲ ქართლისაჲ”). ამ ფაქტს ლეონტი მროველიც ადასტურებს. ვახუშტი დასძენს: “თრდატმა აღაშენა ეკლესია დიდშენ, გუმბათიანი”. ამრიგად, ქართული წყაროებით ნეკრესში ეკლესია აუშენებიათ IV საუკუნის მესამე მეოთხედში. დღემდეა შემორჩენილი ნეკრესში ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ანსამბლი.

ნეტარი მამის მღვდელმთავრობა ნეკრესში მძიმე პერიოდს დაემთხვა. აგიოგრაფის ცნობით: “დაეპყრა ქართლი სპარსთა მეფეს და ბილწსა მას მსახურებასა აღასრულებდა, ვითარცა ესწავა ბოროტთა მასწავლელისა მათისა ეშმაკისაგან...” მაზდეანობა ფართოდ იყო მოდებული არამარტო ამ კუთხეში, არამედ მთელს აღმოსავლეთ საქართველოში. ყველგან ბომონები იყო აღმართული ჩაუქრობელი სარიტუალო ცეცხლით, რომელიც სპარსელებს ღმერთად შეერაცხათ და ქართველებსაც თავიანთ ბოროტ მსახურებაში მონაწილეობას აიძულებდნენ, “მრავალთა დაუმტკიცებელთა სარწმუნოებასა და ნაკლულევანთა გონებითა შეაცდუნებდეს”, - გვამცნობს მემატიანე.

საქართველოში ურჯულო კერპთაყვანისმცემელთა ასეთი მძლავრობა ქრისტიანობის დასუსტება-აღმოფხვრასა და ზოროასტრიზმის აღორძინებას ემსახურებოდა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ივერიელთა ჭეშმარიტ აღმსარებლობას. ყოველივე ამის მხილველი ნეტარი ეპისკოპოსი აბიბოსი “აღიძრა შურითა საღვთოჲთა”. მან მკაცრად გაილაშქრა მაზდეანთა წინააღმდეგ: ”დალეწნა კერპნი და უღმრთოთა მათ არწმუნა ქრისტე და ნათელ-სცა მათ”. ნეტარმა მღვდელმთავარმა მოგვთა მიერ ღმერთად აღიარებული ცეცხლიც შეურაცყო... “...მივიდა მახლობელად უცხოისა მის სამსახურებელისა მათისა, დაასხა წყალი და ხენეში იგი ცეცხლი მათი დაშრიტა...” ამით მან მაზდეანთა უმეცრება და მზაკვრობა ამხილა, რომელიც თავის მხრივ, იესოს მიერ უკეთურებისათვის მხილებულ მწიგნობართა და ფარისეველთა დარად აღიძრნენ, რათა მოეკლათ იგი... აღშფოთებულებმა ნეტარი მამა შეიპყრეს და “ესოდენ გვემეს, ვიდრეღა სიკვდიდ საგონებელ იყო ნეტარი იგი”. ნაგვემი ეპისკოპოსი საპყრობილეში ჩააგდეს, ეს ამბავი კი სპარსეთის მარზპანს აცნობეს, რომელიც იმ დროს ზენას სოფელს რეჰხს იმყოფებოდა. მარზპანმა აბიბოსის მასთან მიყვანა ბრძანა...

ღირს სვიმეონს - ანტიოქელს, მღვდელთმოძღვრის მეგობარს, “რომელთა შორის შესწავება იყო მხოლოდ წიგნითა და მოციქულითა...” ღვთისაგან ეუწყა აბიბოსის მომავალი წამების შესახებ და გზად, სოფელ იალდოსთან წამებად გამზადებულ ნეტარ მამას ეპისტოლე, ევლოგია და კვერთხი გაუგზავნა  მოციქულის ხელით. ქრისტესმიერი ძმის ძღვენმა გაახარა და კვალად გააძლიერა ტანჯვა-წამებად გამზადებული ახოვანი მოღვაწე... იქვე, გზად ქართველებმა მღვდელმთავარს შესთავაზეს: ”უკუეთუ არა გნებავს წარსვლის, უკუნგაქციოთ ყოვლადვე შენდა”. ნეტარმა მამამ უარყო მტარვალთა ხელიდან განთავისუფლების იდეა, “...რამეთუ სუროდა მარტვილობად ქრისტე”ი”სთვის...” და ამისათვის მზადაც იყო.

უფლისგან ”სუფევად გამზადებულმა” მამამ წმიდა შიოს ნახვის ნება გამოსთხოვა მტარვალებს, ”რამეთუ იცოდა იგი წინაჲთვე და სურვიელ იყო ხილვად მისსა”. თანხმობის მიღების შემდეგ, მივიდა ”უდაბნოდ და იხილა ნეტარი იგი ბერი”. წმიდა მამებმა ურთიერთმოკითხვის შემდეგ, ილოცეს. წმიდა ეპისკოპოსმა სასწაულმოქმედ მეუდაბნოეს სთხოვა ელოცა მისთვის, ”რამეთუ უსჯულონი ესე სპარსნი განძვინდეს... ამპარტავნებითა თვისითა... ბადე განაგდეს და შეაყენეს კაცნი და თაყვანიაცემინეს ცეცხლსა...”

”არაუმეცარ არს სიწმიდეჲ შენი, რამეთუ მრავლითა ჭირითა გვიღირს შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა... ნუ შეძრწუნდები მათისა მისგან მძლავრებისა, ვინაითგან იტყჳს მოციქული მაჭირვებელთა თქვენთა - ჭირი, და თქვენ ჭირვეულთა - ლხინი, უწყოდი, რამეთუ მათი შენ დიდება გექნეს წარუვალ და ჭირი ეგე შენი მათ - დაცემა და განბნევა”.

წმიდა ბერისაგან ამ სიტყვებით სულიერად კიდევ უფრო განმტკიცებული ნეტარი აბიბოსი მხნედ წარსდგა უსჯულო მარზპანის სამსჯავროზე. ”რაისათვის უვარ-ჰყავ უფლებაჲ მეფეთ-მეფისაჲ და მოჰკალ ღმერთი ჩვენი?” – მრისხანედ ჰკითხავდა მარზპანი ნეტარ მღვდელთმსახურს. “მე არავინ ვიცი მეუფედ, გარნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ხოლო ცეცხლი იგი, რომელ დავშრიტე, რაითამცა საცთური განვაქარვე ეშმაკისაჲ”, - არ შეუშინდა ნეტარი აბიბოსი გამძვინვარებულ მარზპანს. უფრო მეტიც, წმიდა მოწამემ არ უარყო თავისი მოქმედება, პირიქით, მოუწოდა მარზპანს: “გლოცავ რაჲთა განეყენენ უნდოსა მას მსახურებასა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთი მხოლოჲ იცანთ... რამეთუ წერილ არს - უფალსა ღმერთსა თაყვანისსცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდეთ...”

ასეთი პასუხით გაგულისებულმა მარზპანმა მიმართა აბიბოსს: ”მე გკითხავ რაჲსათვის მოჰკალ ღმერთი ჩვენი და შენ გნებავს, რაჲთამცა შენისა ღმრთისა წარგჳიყვანე?” ნეტარი მამა მშვიდად უხსნის მაზდეანს, რომ მას ღმერთი არ მოუკლავს, მხოლოდ ცეცხლი ჩააქრო. ”არა არს იგი ღმერთი, არამედ სხვა ბუნებათაგანი არს, ერთისა ნივთისაგანნი მცირედ ნაწილი, რომლითგან აღჰმართნა ღმერთმან სოფელი ესე”. აღნიშნულ საკითხზე გამართული მსჯელობა ჭეშმარიტ ქრისტიანსა და წარმართ მოძალადეს შორის დიდ ფილოსოფიურ და რელიგიურ დატვირთვას იძენს იმ იდეოლოგიურ ბრძოლაში, რომელიც გააფთრებით მიმდინარეობდა იმ პერიოდის საქართველოს სინამდვილეში, ახალფეხადგმულ ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და ზოროასტრიზმს შორის.
”აწ მიკჳრს თქვენი ესევითარი სიცოფე, ვითარ არა სირცხვილ გიჩნს სახელის დებად ღმრთად, რომელსა ესეოდენი სული აქუს?!” - მიმართა ნეტარმა ეპისკოპოსმა უსჯულოთ. ქრისტეს “უშიშარი მხედარი”  მრავლისა გვემისა და საკვირველითა ტანჯვისათაჲთა “ქვითა განტვინეს”, როგორც ზაქარია წინასწარმეტყველი, წმიდა იოანე ნათლისმცემლის მამა...

ოდითგანვე დიდი იყო საზოგადოებრიობის ინტერესი მისიონერი მამების ცხოვრება-მოღვაწეობისადმი. აგიოგრაფები, ჰიმნოგრაფები და მემატიანეები ხოტბას ასხამენ ”ღვაწლთა” და ”ვაებათა” წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელისას. სამწუხაროდ, უადრესს ტექსტებს ჩვენამდე არ მოუღწევია, საქართველოს ავბედითი ისტორიის გამო.

ცალკე თხზულებას აბიბოს ნეკრესელზე, რომელიც VI-VII სს. უცნობ ავტორს ეკუთვნის, ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია ქართლის კათოლიკოსის არსენ დიდი საფარელის (IX ს.) მიერ ამ თხზულების საფუძველზე შედგენილი აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებისა და მარტვილობის ტექსტი.

აბიბოს ნეკრესელის მოქალაქობისა და წამების წიგნი მოღწეულია ორი რედაქციით, ვრცელი და მცირე რედაქციით. მკვლევართა შორის საკითხი ამ რედაქციების, ავტორთა ვინაობის, მათი შექმნის დროისა და ურთიერთმიმართებისა რადიკალურად განსხვავებულია. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, პირველი რედაქცია მოღწეულია მხოლოდ ერთი დეფექტური ნუსხით და დათარიღებული XIII –XIV სს. (ხელნაწერი A 832). მეორე რედაქციაში შესულია მეტაფრასული რედაქციის ტექსტები, რომლებიც მოღწეულია რამდენიმე ხელნაწერით (A 130, 170, 173, 210; H 286, 1672, 2077, 2121; შ 3638; K 253.) აღნიშნულ ხელნაწერთა ტექსტები ფასდაუდებელი განძია არამარტო წმიდა მღვდელმთავრის ცხოვრება-მარტვილობის შესასწავლად, წმინდა ლიტერატურულ-ტექსტობრივი თვალსაზრისით, არამედ იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების შესწავლის მიზნით.
 
* * *
”ვაქებდეთ კაცთა დიდებულთა მამათა ჩუენთა”, - შეგვაგონებს ანტონ I თავის სიტყვაში: შესხმა ”ღუ[ა]წლთა და ვებათა წმიდისა აბიბოს ნეკრეს ქალაქის ეპისკოპოსისა”-დმი. (ხელნაწერი შ3638, ანტონ I,  “მარტირიკა”, 1799 ). აღნიშნულ სიტყვას წინ უძღვის იამბიკო სათაურით:  “აბიბოსათვის”:

“აბიბოს ბრძენსა, მცხინუარედ აღმომზესა,
ნათლისა ძესა, ვნებათა ზესთა ზესა,
გონება დღესა, ცნობათა განმადღესა,
ბრკმულთა მაგესა, მადლ მადენს ბაგესა,
მმარხუიელთა მზერა, უძღუნი დღეს
შესხმა ლექსსა.”

* * *

უბიწო მღვდელთმთავრობისა და მხნე მოწამის ღვაწლით “ორითა გვირგვინითა” გამშვენებული ჰბრწყინავს ნეტარი ეპისკოპოსი აბიბოს ნეკრესელი ქართველ მოწამეთა დასში. იგი მარადის მეოხია სრულიად საქართველოს კათოლიკე-სამოციქულო ეკლესიისა, სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტრისა, რომლის საკურთხევლის წმიდა ტრაპეზის ქვეშ განისვენებს ნეტარი მოწამის უხრწნელი ნაწილები, ”ვითარცა ძღვენი სამსხვერპლოჲ” და მისგან მომდინარე კეთილსუნნელება ნელსაცხებელივით ეფინება მოწამეთა სისხლით გაჟღენთილ საქრისტიანო საქართველოს მადლმოსილ მიწას.

ვევედროთ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს და წმიდა მოწამე აბიბოს ნეკრესელს ღირს ვიყვნეთ ჩვენც მიბაძვად სათნოებათა მათთა...

ნანა-ციალა გაგნიძე

 
 
2024 © Samtavro.Ge.All Rights Reserved. Created by: Proservice