სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტრის ისტორია

სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერი მდებარეობს საქართველოს უძველეს ქალაქში - მცხეთაში, რომელიც V ს. საქართველოს დედაქალაქი იყო. ამ წმიდა ადგილიდან უქადაგა ქართველ ერს ქრისტეს სჯული მოციქულთასწორმა, კაპადოკიელმა ნეტარმა ქალწულმა ნინომ, სამთავროშივე აიდგა ფეხი ქართულმა ქრისტიანულმა მრწამსმა და თვითშეგნებამ, აქედან მოეფინა ნათელი სრულიად საქართველოს.


საქართველოში დედათა მონასტერი ოფიციალურად 1825 წელს კვლავ არ არსებობდა, რაც დასტურდება სინოდალური კანტორის სიებით. თუმცა, არაოფიციალურად სამთავროს დედათა მონასტრის დაარსების თარიღად 1820 წელი უნდა მივიჩნიოთ. ამ მოსაზრების საბუთად გამოგვადგება რამდენიმე ცნობა. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ 1802 წელს თავადის ქალი ნინო ამილახვარი და რამდენიმე განდეგილი დედა მისულან, აუგიათ სენაკები და ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით დასახლებულან სამთავროში. მონოზვნებს მხოლოდ შემოწირულობით უცხოვრიათ, ამასთან თურმე ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ და მცირე გასამრჯელოსაც იღებდნენ. თავიდან მხოლოდ ოთხნი ყოფილან, შემდეგ კი - სხვა დედებიც შემატებიან.


ვინაიდან იმ დროისთვის საქართველოში დედათა მონასტრები აღარ მოქმედებდნენ, ეგზარქსოს იონას გადაუწყვეტია თბილისში დედათა მონასტრის დაარსება. მას საეკლესიო მართველობისათვის დაუვალებია, გაერკვიათ  სამთავროს გარდა კიდევ სად იმყოფებოდნენ მონოზვნები. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მონოზონი მთაწმნდაზე ”ფერისცვალების” ეკლესიასთან სახლობდა. ასევე, იმერეთსა და სამეგრელოში რამდენიმე ეკლესიასთან განდეგილად ცხოვრობდნენ დედები. მაგრამ იყვნენ თუ არა ისინი აღკვეცილნი მონოზვნებად, ვერ დაუდგენიათ. სამთავროში მყოფი დედების შესახებ კი ცნობები მცხეთის არქიმანდრიტ საბას მოუწოდებია.


არქიმანდრიტ საბას წვრილად გამოუკითხავს მონოზვნები, რომელთაც თავიანთ წინამძღვრად ნინო ამილახვარი დაუსახელებიათ. იმ დროისათვის (1830 წ. ) სამთავროში სულ ათი დედა მოღვაწეობდა. ესენია: ნინო ქრისტეფორეს ასული ამილახვარი, დაბადებული 1784 წელს; თეკლა გიორგის ასული ბიძინაშვილი, დაბადებული 1770 წელს; დომნა თამაზის ასული გოგნიაშვილი, დაბადებული 1780 წელს; მარიამ ზაზას ასული ეგაძე, დაბადებული 1796 წელს; თეკლე (თეონა) გიორგის ასული ბერიძე, დაბადებული 1772 წელს; თათიანა ევსტატეს ასული ბიჭიკაშვილი, დაბადებული 1769 წელს; ქრისტინე ბესის ასული ოქროპირიძე, დაბადებული 1799 წელს; მარიამ გიორგის ასული გუდაბერიძე, დაბადებული 1777 წელს; მელანია ლაზარეს ასული მჭედლიშვილი, დაბადებული 1804 წელს; დარეჯან გიორგის ასული კობახიძე, დაბადებული 1805 წელს.


ამ დედებს დაუწყიათ მოღვაწეობა ნინო ამილახვრის წინამძღვრობით და საფუძველი ჩაუყრიათ  წმიდა ნინოს დედათა მონასტრისთვის. 1827 წელს მონოზვნებს აღუდგენიათ წმიდა ნინოს სახელობის ეკლესია და 1828 წლის 14 იანვარს წმიდა ნინოს ხსენების დღეს მის სახელზევე უკურთხებიათ. ვინაიდან სამთავროში ღვაწლმოსილი დედების ნებით აღმდგარა სამონასტრო ცხოვრება, ამიტომ საეკლესიო მართველობას 1830-იან წლებში დედათა მონასტრის ოფიციალურად დამტკიცება განუზრახავთ. სამწუხაროდ, იმ დროს მონასტრის დამტკიცება ვერ მოხერხდა. მონასტრის დამაარსებელი ნინო ამილახვარი გარდაიცვალა 1839 წელს. იგი დაკრძალულია ”მაყვლოვანში”, წმიდა ნინოს ეკლესიისთან. ქვაზე ამოკვეთილია წარწერა: ”ლოდი ესე ჰფარავს სავანესა თავადის ქაიხოსრო ამილახვრის ასულის მონოზონისა ნინასასა, რომელმაც დააარსა მონასტერი ესე 1820 წელს და გარდაიცვალა 1839 წელს თებერვალსა 11-ს”. მონოზონ ნინოს დაუღალავმა ღვაწლმა და მონდომებამ აიძულა სეკლესიო მართველობა, რათა მეტი ყურადღება გამოეჩინათ სამთავროსადმი. ნინო ამილახვრის საქმე გააგრძელეს მისმა აღზრდილებმა და 1857 წლის 18 ივნისს სამთავროს დედათა მონასტერი ოფიციალურად გაფორმდა და დამტკიცდა.


მონასტრის წინამძღვრად ეგზარქოსმა ისიდორე ნიკოლსკიმ (1844-1868 წწ.) 1846 წლის 19 ნოემბერს დანიშნა სამეგრელოს თავადის ხიტუ ფაღავას ასული დარია ფაღავა. წინამძღვარი დარია ფაღავა და მცხეთის ”სობორის” დეკანოზი იოსებ ბარისოვი შეუდგნენ მონასტრის აღდგენის საქმეს. ამ პერიოდის სამშენებლო საქმიანობა დეტალურად განხილულია რამდენიმე სქელტანიან საქმეში. წინამძღვარი დარია ფაღავა გარდაიცვალა 1853 წლის დასაწყისში. თუმცა ამ მოკლე დროშიც შეძლო ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება სამთავროსათვის და რაც უმთავრესია, მისი ძალისხმევით მოხდა სამთავროს დედათა მონასტრის დამტკიცება ოფიციალურ მონასტრად. დედა დარია ატარებდა სამთავროს პირველი იღუმენიას წოდებას. დარია ფაღავას გარდაცვალების შემდეგ მის მოვალეობას ასრულებდა მონოზონი ქრისტინე ოქროპირიძე; ის შემდეგ კი - მინადორა ავთანდილის ასული ფურცელაძე, რომელმაც მისი მოღვაწეობის მცირე დროშიც მრავალი სასიკეთო საქმე გააკეთა.

1863 წლის 15 სექტემბეს გარდაცვლილი იღუმენია მინადორას ნაცვლად ამავე წლის 8 ოქტომბერს მონასტრის გამგებლად დაუნიშნავთ ნინო (ანა ამილახვარი), ხოლო 1865 წლის 8 ოქტომბერს მონოზონი ნინო ამილახვარი (უმცროსი) ეგზარქოს ევსევის იღუმენიის ხარისხში აუყვანია. ნინო ამილახვარი მონასტერს 40 წლის განმავლობაში წინამძღრობდა. იგი იყო მონასტრის პირველი წინამძღრების - უფროსი ნინო ამილახვრის, დარია ფაღავასა და მინადორა ფრცელაძის წმინდა საქმის ღირსეული გამგრძელებელი. მისი ძალისხმევით შეკეთდა სამთავროს ტაძარი, აიგო ახალი სამონასტრო შენობები, დაარსდა ობოლ გოგონათა სასწავლებელი, აშენდა ახალი გუმბათიანი ეკლესია. ნინო ამილახვრის დაუშრეტელმა ენერგიამ და მუდმივმა ღვაწლმა სამთავრო საქართველოს უპირველეს დედათა სავანედ აქცია.

სამთავრო მეოცე საუკუნეში

 

1904 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა წინამძღვარი ნინო ამილახვარი. იგი დაკრძალეს მისივე თაოსნობით აგებულ წმიდა ნინოს ახალ, გუმბათიან ეკლესიაში, რომლის მშენებლობა დასრულდა 1904 წელსვე. დღეს ამ ეკლესიის საძირკვლის ნაშთებია შემორჩენილი.


1905 წლის 10 თებერვალს მონასტრის გამგებლად ეგზარქოს ალექსი I დაუნიშნავს თავად ციციშვილის ქალიშვილი ელენე ციციშვილი-ბარათაშვილისა, რომელიც საქართველოს ეგზარქოსმა ინოკენტიმ (ბელიაევი) 1910 წლის 16 მაისს იღუმენიის ხარისხში აიყვანა. მანამდე კი წინამძღვრის მოვალეობას ასრულებდა მონასტრის ხაზინადარი, ნისიმე ციციშვილი.


1910 წელს მონასტრის ხაზინადარად დაუმტკიცებიათ ანუსია კოჭლამაზაშვილი, რომელმაც მრავალი წელი იღვაწა მონასტრის საკეთილდღეოდ და მონასტრის გაუქმების შემდეგაც შემწედ და მცველად ედგა ამ წმიდა სავანეს. 50-იან წლებში მას იღუმენიადაც კი მოიხსენიებენ. I მსოფლიო ომის დროს მონასტერს ეკონომიურად უკიდურესად გაუჭირდა. მონასტერმა ღვთის ძალით გაუძლო 1917 წლის ზამთარს, რაც ვერ შეძლო რუსეთის იმპერიამ, რომელიც ნაწილებად დაიშალა. რუსეთის მიერ დაპყრობილ ქვეყნებს დამოუკიდებლობა ერგოთ. მათ შორის იყო საქართველოც. თუმცა პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე ადრე 1917 წლის 12 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და 106 წლის შემდეგ ეკლესია-მონასტრებში აღდგა წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე.


საქართველოს პოლიტიკური და საეკლესიო დამოუკიდებლობის მოპოვების მიუხედავად, ამ წლების საერთო ეკონომიკურმა კრიზისმა და განუკითხაობამ ხელი შეუშალა მონასტრის მდგომარეობის გამოსწორებას.


1921 წელს საქართველო ”გაასაბჭოეს”, მოხდა მისი ფაქტობრივი ანექსია საბჭოთა რუსეთის მიერ. ათეისტი კომუნისტები, რა თქმა უნდა, არაფერ სასიკეთოს არ მოუტანდნენ მონასტერს, თუმცა თავდაპირველად რელიგიის აშკარა დევნა არ დაუწყიათ. სამთავროს მონასტერს უჭირდა მაგრამ ჯერჯერობით მაინც არსებობდა.


1922 წელს საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა. კომუნისტები მოღონიერდნენ და დაიწყეს რელიგიისა და ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა. კომუნისტურმა მმართველობამ ვერ აიტანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის მიერ გენუის 1922 წლის აპრილის საერთაშორისო კონფერენციისადმი მიწერილი მიმართვა, სადაც იგი ამხელდა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის ფაქტს. საქართველოში კვლავ მძვინვარებდა პოლიტიკური რეაქცია. ხელისუფლებამ დააპატიმრა პატრიარქი და საკათალიკოსოს საბჭოს წევრები. დახურეს ეკლესიები, მონასტრები და მათ შორის, სამთავროს დედათა მონასტერიც. მონასტერში უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი მოეწყო. მონოზვნები მონასტრიდან განდევნეს, შემდეგ მათ მხოლოდ ერთი ოთახი დაუთმეს. 1924 წელს ჩამოუყალიბებიათ მცხეთის სამეურნეო არტელი ”ქალთა შრომა”, რომელშიც  მონოზვნები გაერთიანებულან. მონოზვნებს კარგა ხანს საარჩევნო ხმის უფლებაც ჩამორთმეული ჰქონიათ. ეს უფლება მათ 1931 წელს აღუდგინეს. 1933 წლის საბუთი კი წარმოადგენს I საფეიქროს მუშების სიას, რომელშიც წინამძღვარი ნინო ციციშვილი ამ საწარმოს რიგითი წევრია, თავმჯდომარედ კი ანუსია კოჭლამაზიშვილი აურჩევიათ. აქ, რა თქმა უნდა, გარკვეული როლი უნდა ეთამაშა ნინო ციციშვილის თავადურ წარმოშობას, რაც იმ დროისათვის არასასურველად ითვლებოდა.


1930-იან წლებში სამთავრო კულტურის ძეგლად გამოცხადდა. 1938 წელს ანუსია კოჭლამაზიშვილი ძეგლის მცველად არის მოხსენიებული.


ხელისუფლების დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, სამთავროში ამ სასტიკ წლებშიც (საქართველოს გასაბჭოების შემდეგ), არ დამცხრალა სულიერი ცხოვრება. მონასტერი ოფიციალურად გაუქმებული იყო, თუმცა დედები მაინც ახერხებდნენ ფარულად სამონასტრო წესით ცხოვრებას. ეს კარგად ჩანს ამ პერიოდის მონასტრის დედებისა და ღვთისმსახურთა პირად მიმოწერაში. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე დედები და მათი სულიერი დები და ძმები ერთმანეთს ამხნევებდნენ ამ წერლებით. წერილებიდან ისიც ჩანს, რომ ქართველი სამღვდელოება სამთავროს მონასტერს მოქმედ მონასტრად მიიჩნევდა.


1941 წელს გარდაიცვალა მონასტრის იღუმენია ნინო ციციშვილი. 1944 წელს კი ანუსია კოჭლამაზიშვილი მოხსენიებულია სამთავროს ისტრიული ძეგლის დამლაგებლად (უხელფასოდ).კათოლიკოს-პატრიარქის ილია II  გადმოცემით, II მსოფლიო ომის შემდეგ სამთავროს მონასტრის იღუენიად უკურთხებიათ ანუსია კოჭლამაზიშვილი.


1950-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ დაწყებულმა ე.წ. ”დათბობის პოლიტიკამ” საქართველომდეც ჩამოაღწია. მებრძოლ ”უღმერთოთა” ათეისტურ გარემოში ჯერ კიდევ სასწაულებრივ შემორჩენილ მრევლს საშუალება მიეცა მორწმუნეთა ე.წ. ”ოცეულები” ჩამოეყალიბებია, რაც სათანადო კრებით უნდა დამტკიცებულიყო. ამგვარი კრება მცხეთაში გაიმართა 1961 წლის 28 ივნისს. ამ ”ოცეულის” წევრები ძირითადად სამთავროს მონასტრის დედები იყვნენ, რომელთაც ოთხი ათეული წლის მანძილზე გაუძლეს უკიდურეს გაჭირვებასა და დამცირებას და მიმქრალი სული ხელახლა შთაბერეს სამთავროს.

   


კათოლიკოს-პატრიარქი ილია II  იგონებს, რომ ამავე პერიოდში მას მოსკოვის სასულიერო აკადემია ახალი დამთავრებული ჰქონდა (1960 წელი) და წირვა-ლოცვას სამთავროში ატარებდა. 1960 წლიდან იგი ახლადდგახსნილი სამთავროს სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი გახდა.


სამთავროს მონასტრის აღორძინებაში დიდი წვლილი შეუტანია ზოილე დვალიშვილს, რომელიც წინამძღვრობდა მონასტერს 1960-70-იანი წლებში. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დედა ზოილე დვალიშვილის ნათლულია და მისი უწმიდესობის ბავშობის საუკეთესო დღეები სამთავროში გაუტარებია. წინამძღვარი ზოილე დვალიშვილი გარდაიცვალა 1973 წელს. სამონასტრო ტიპიკონი სამთავროში მხოლოდ 1980-იან წლებში აღდგა. ამ დროს მონასტრის იღუმენია იყო ანა აჭაიძე. იგი გარდაიცვალა 1986 წელს და ისევე როგორც სხვა იღუმენიები, დაკრძალულია ტაძრის ეზოში.


1991 წლიდან სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტრის წინამძღვარია იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი), რომელიც განუხრელად აგრძელებს სამთავროს ღვაწლმოსილი წინამძღვრების ტრადიციას.  


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
2024 © Samtavro.Ge.All Rights Reserved. Created by: Proservice