კათოლიკოს-პატრიარქი

ილია II  და სამთავროს დედათა მონასტერი

სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის გვიანდელი ისტორია მე-19 საუკუნის 20- იანი წლებიდან იწყება, რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ.  როდესაც მცხეთაში სამთავროს საეპისკოპოსო და მასთან არსებული მონასტერი მოშალეს,  მლოცველთაგან დაცლილ “მაყვლოვანში” მოშურნე დედებმა დაივანეს და სამონასტრო ცხოვრება კვლავ ააღორძინეს. მათ მიერ დანთებული ლოცვის ლამპარი აღარასოდეს ჩამქრალა და უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში წმიდა ნინოს დედათა მონასტერი საქართველოს სამონასტრო ცხოვრებაში დიდ  ღვაწლს აღასრულებდა; ხოლო XX საუკუნის ბოლოს სამონასტრი ცხოვრების აღდგენა ამ მონასტრიდან დაიწყო და ამიტომაც ეწოდა მას “დედა მონასტერი”.


საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია თითქმის ორი საუკუნე იბრძოდა ღმრთივმინიჭებული ადგილობრივი სამოციქულო ეკლესიის უფლება-მოვალეობის აღსადგენად და მრავალთა და მრავალი ღვაწლის შემდგომ საქართველოს ავტოკეფალიის საბოლოოდ აღდგენაც სამთავროს ფერისცვალების ტაძარს და “მაყვლოვანს” დაუკავშირდა, რამეთუ აღმასრულებელი ამ საღმრთო განგებულებისა იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II, რომლის ღვაწლიც უშუალოდ არის დაკავშირებული წმინდა ნინოს სამთავროს მონასტერთან: “ჩემი სულიერი ცხოვრება, სულიერი მოღვაწეობა და სულიერი ზრდა ამ მონასტერში დაიწყო... მე აქაურმა დედებმა გამზარდეს, ამ ადგილმა გამაძლიერა”, - ბრძანებს მისი უწმინდესობა (“საპატრიარქოს უწყებანი” 1999 #31).


სამთავროს წმინდა ნინოს მონასტრის იღუმენია ზოილემ სამი დღის ყრმა მიირქვა და არქიმანდრიტმა ტარასიმ (შემდგომ წილკნელი ეპისკოპოსი) ქრისტეშობის დღესასწაულზე წმინდა ნინოს ტაძარში მონათლა მომავალი პატრიარქი. ნათლულს მონაზონმა ზოილემ ირაკლი უწოდა, სახსენებელად მეფე ირაკლისა.


მშობლებს ხშირად მიჰყავდათ მონასტერში ყრმა ირაკლი ნათლიასთან, იღუმენია ზოილესთან, რომლის ხელმძღვანელობითა და მონასტრის სხვა დედათაგან განისწავლებოდა და განიმსჭვალებოდა სამონასტრო ცხოვრების სულისკვეთებით. საქართველოს მომავალმა მამათმთავარმა სამთავროს მონასტერში სამი წლი ასაკში მიიღო იმ დროს მოღვაწე კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევა. სულიერი ცხოვრების პირველსიყვარულის სამუდამო კვალით აღიბეჭდა უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნაში სამთავროს დედათა მონასტერი. ქალბატონ ნელი შიოლაშვილის (უწმინდესის ბიძაშვილი) თქმით, მან “ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში გადაწყვიტა, უფლის გზას შედგომოდა ...” 


რუსეთის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ბრწყინვალედ გასრულების შემდეგ მომავალი პატრიარქის სულიერი აღმასვლა ბერად აღკვეცით აღიბეჭდა. 


როგორც უწმინდესი მოგვითხრობს: “სასულიერო აკადემიის დასრულების შემდეგ თითქმის ოთხი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი სამთავროში. სწორედ აქ შედგა ჩემი სულიერი მზადება მომავალი მოღვაწეობისათვის”.


იმხანად მღვდელმონოზონი ილია თითქმის ყოველ კვირას ატარებდა სამთავროს მონასტერში წირვა-ლოცვას და იგი აქ საღმრთო გამოცხადების საიდუმლოს ეზიარა, რომელიც მისმა უწმინდესობამ მონასტერში დედებს საუბრის დროს გაანდო: “პატრიარქ ეფრემის დროს... იყო ასეთი შემთხვევა: მე მქონდა ფიქრი, როგორია სიხლოვე უფალთან, ადამიანსაKHდა ღმერთს შორის? მე მაშინ ეს არ ვიცოდი (არც თქვენ იცით, რა თქმა უნდა). და აი, ერთხელ დაიწყო წირვა... სადიაკვნეში დედა ეფემია (ხიზანიშვილი) შემოდიოდა, იმას მოჰქონდა მდუღარება (ლოცვა-კურთხევა ჰქონდა ამისა); სახარება წავიკითხე... და კითხვის დროს ჩემ უღირს თავზე მადლი გადმოვიდა. წირვას ვასრულებდი; წირვა არ შემშლია, ყველაფერს ისე ვკითხულობდი, როგორც წერია, მაგრამ უკვე ვერაფერს ვხედავდი, მარტო უფალი იყო ჩემს წინ... არაფერი არ უთქვამს ჩემთვის, მაგრამ მისი ყოფნა ძალიან სასიხარულო იყო. აღუწერელი სიხარული დამეუფლა და სიყვარული უფლისა. ვერც დედებს ვხედავდი, ვერავის - უფალი იყო და მე ვიყავი... და როცა დედა ეფემიამ მდუღარება შემოიტანა, “მამაო ჩვენოს” შემდეგ, იმ წუთს ვიგრძენი, რომ ტაძარში ვარ, მონასტერში. და მაშინ ამ სიახლოვემ... ისეთია ეს სხეული, ვერ იტანს უფალთან სიახლოვეს, არ შემეძლო არც ჭამა, არც დალევა და ვიწექი და მთელი დღე ვიწექი. ეს იყო ასეთი დალოცვა მომავალი ცხოვრებისა და მოღვაწეობისა. დიდება უფალს! აი, ასე დაიწყო ჩემი ცოდვილი თავის მოღვაწეობა... ღმერთმა ძალა მოგცეთ და მადლი... ეს იყო ისეთი მადლი, რომელიც მე არ განმიცდია მას შემდეგ არც ერთ დღეს. მინდა ვთქვა, რომ უფალთან სიახლოვე მძიმეა, რადგან ჩვენ მაინც მიწიერნი და ხორციელნი ვართ. ამიტომაც იყო რომ წირვის შემდეგ მარტოდ დარჩენილი ნეტარებაში ვიყავი, მაგრამ ფიზიკურად დაუძლურებული და არც ჭამა შემეძლო. მადლი რა თქმა უნდა, ყოველ წირვაზე და ლოცვაზე გადმოდის, მაგრამ ეს იყო განსაკუთრებული და ვმადლობ უფალს, რომ ეს აქ მოხდა. ეს მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ უფალმა აქ მომცა ის პირველი მადლი, რომელიც შემდგომში ჩემი თანამგზავრი უნდა გამხდარიყო. ეს იყო 1960 წელს, ანუ 44 წლის წინ“ - უწმიდესმა ეს სიტყვები ცრემლებით გაასრულა.    


სამთავროს დედათა მონასტერთან  უწმინდესისა და უნეტარესის უხილავ სულიერ კავშირს გვაუწყებს კიდევ ერთი ფაქტი: მისმა უწმიდესობამ მონასტრის მცირე სენაკში ყოფნისას წინასწარმეტყველური ჩვენება იხილა: წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალი ცხენზე ამხედრებული სარკმლიდან გადმოვიდა, ცხენიდან გარდამოხდა, თაყვანი სცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ხელზე ეამბორა. და თუ საქართველოს ისტორიიდან გავიხსენებთ, რომ სწორედ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი არის საქართველოში პირველი კათოლიკოსის გამომთხოვნელი და ჩამომყვანი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მომპოვნელი, მაშინ მეტად ნიშანდობლივი ხდება “ბოლო ჟამის” პატრიარქობაზე თქმულიც...


სამთავროს ფერისცვალების ტაძრიდან მოციქულთასწორთა წმინდა ნინოს, წმინდა მეფე მირიანისა და წმინდა ნანა დედოფლის მიერი ლოცვებით გაძლიერებული მღვდელმონაზონი ილია Kსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯვარს იტვირთავს Hდა საქართველოს ხელახალი ფერისცვალების ღვაწლს შეუდგება... მისმა უწმიდესობამ კატაკომბურ პირობებში მყოფი დევნილი და ხმამიღებული საქართველოს ეკლესია იტვირთა.


უწმინდეს ილია II-ის უშუალო წინამძღოლობით იწყება სამთავროს მონასტრის აღდგენა. ძველი თაობის ბოლო იღუმენიას, დედა ანას (აჭაიძე) გარდაცვალების შემდეგHმისმა უწმინდესობამ 1991 წელს  იღუმენიად აკურთხა და მონასტრის წინამძღვრად გამოარჩიაKდედა ქეთევანი (კოპალიანი), რომელიც პატრიარქის უშუალო მორჩილებით განისწავლებოდა; ხოლო სამონასტრო ცხოვრების წეს-განგების შესასწავლად უწმინდესმსა იგი პიუხტიცის დედათა მონასტერში გააგზავნა. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მონასტერში ცხოვრება-მოღვაწეობის კურთხევა მისცა მღვდელ-მონაზონ გაბრიელს (ურგებაძე - შემდეგში არქიმანდრიტი), ძველი საბერმონაზვნე სკოლის მემკვიდრეს, რომელიც დიდად შეეწეოდა სამთავროში მოღვაწე დედებს. იღუმენია ქეთევანი მამა გაბრიელის განსაკუთრებულ სულიერ შეწევნაზე მრავალს მოგვითხრობს და იხსენებს თუ რა დიდი სიყვარულითა და პატივით ხვდებოდნენ ერთმანეთს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და ლოცვით დამაშვრალი ბერ-მონაზონი მამა გაბრიელი.


იღუმენია ქეთევანს წილად ხვდა მონასტერში ახლადშედგომილთა წარმართვა-განმტკიცების მძიმე ღვაწლი. მისი გადმოცემით, უწმინდესი და უნეტარესი არა მარტო სწავლიდა და ხელმძღვანელობდა მას, არამედ იგი როგორც მზრუნველი მამა ყოველგვარ განსაცდელში გვერდით ედგა ხილულად თუ უხილავად და დაადგინებდა, ამხელდა და განაძლიერებდა წინამძღვრის ურთულეს მოვალეობაში, რომელიც დედა ქეთევანისათვის განსაკუთრებით მძიმე იყო მისი წინამძღვრობის პირველ წლებში, როცა მონასტერი ახლად ყალიბდებოდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჯერისამებრ პატივჰყო იღუმენია ქეთევანის  თავდადებული ღვაწლი და 2006 წლის 24 აპრილს იგი მეორე გამშვენებული ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და აღნიშნა: “მინდა გითხრათ, რომ ეს მონასტერი არის დედა მონასტერი, იმიტომ რომ აქედან აღორძინდა საქართველოში ახალი მონასტრული ცხოვრება. და თქვენ ხართ მისაბაძი მაგალითი მათთვის. მე გავითვალისწინე ამ მონასტრის დამსახურება და ნიშნად მადლიერებისა, დედა-იღუმენია ქეთევანი მინდა დავაჯილდოვო მეორე ჯვრის ტარების  უფლებით".


იღუმენია ქეთევანი იმასაც აღნიშნავს, რომ მისი უწმინდესობა  კვლავაც შეახსენებს მას საბერმონაზვნო და ზოგადქრისტიანულ საზრუნავზე, სულის უკვდავებისათვის ზრუნვაზე, სამუდამო სამყოფელზე: სულ ახლახანს, სამთავროს ჯერისამებრ მოხილვა-მოლიცვის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ ჰკითხა დედა იღუმენიას:
-  იცი შენი ადგილი, სადაც უნდა დაიმარხო?
მცირედი დუმილის შემდეგ სამთავროს მონასტრის წინამძღვარმა მიუგო:
-  სადაც მაკურთხებთ, თქვენო უწმინდესობავ.
უწმინდესი ფერისცვალების ტაძრის მარჯვენა კედელთან, ძველი მონოზვნების საფლავებთან შედგა და მიუთითა:
-  აი, აქ! - შემდეგ კი სიკვდილისათვის ბერ-მონაზვნის მზაობის ნიშნად, უწმინდესმა ილია მეორემ სახედ ანდერძისა აღმოთქვა: - იცი, მე სად უნდა დავსაფლავდე? - სიონში, ბოლოში, იქ, სადაც ამჟამად მაცხოვრის გარდამოხსნაა დაბრძანებული.


უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სამთავროს მონასტერს დაუბრუნდა კუთვნილი ისტორიული ნაგებობა-ტერიტორიები, სადაც მონაზონთა საცხოვრებელი სენაკები განთავსდა; მნიშვნელოვანად განახლდა და რესტავრაცია ჩაუტარდა ფერიცვალების ტაძარსა და წმინდა ნინოს სამლოცველოს; გამშვენდა და გემოვნებით მოეწყო წმინდა მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის განსასვენებელი. მონასტერში მაღალპროფესიული მგალობელთა გუნდი ჩამოყალიბდა; კეთილმოეწყო მონასტრის ტერიტორია, მონოზონთა საცხოვრებელი გარემო; აღორძინდა სასანთლე, სამხატვრო, სამკერვალო და სხვა სახის სახელოსნოები. . . მონასტერი მუშაობს ცალკეულ გამოცემებზე და დღეისათვის მომზადებული აქვს პოლიგრაფიულად კარგად შესრულებული გამოცემა - “სამთავრო”, აგრეთვე მოგონებათა წიგნი ბერ გაბრიელზე - “ბერის დიადემა”; მომზადდა მონასტრის ინტერნეტ გვერდი. მონასტერში ყოველგვარ მნიშვნელოვან სარემონტო-სამშენებლო თუ სხვა სახის საქმეებს იღუმენია უწმინდეს ილია II-თან ათანხმებს. მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილით წარმართავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მონასტრის დედათა სულიერ ცხოვრებას და მათი ცხოვრების წეს-განგებას განკარგავს. იგი მონასტრის სულიერი წინამძღვარიც არის.


მონაზონთა კურთხევა უწმინდესის ლოცვა-კურთხევით აღესრულება. მონასტრის იღუმენია მას წარუდგენს სათანადო კანდიდატებს. უწმინდესი გამოიკითხავს მონასტერში მათი ყოფნის ხანგრძლივობას, სულიერებას და დასძენს ხოლმე: “მორჩილებისა და სიმდაბლის გარეშე, მხოლოდ კაბის კურთხევით ვერავინ ცხოვნდებაო”; ხოლო ერთ-ერთი სამონაზვნისათვის შეუხსენებია: “იცი რა არის მორჩილება? როცა გეუბნებიან კერე _ უნდა კერო, გეუბნებიან რეცხე _ უნდა  რეცხო. ეს არის მორჩილება". იღუმენია ქეთევანი დამწყები მონაზვნებისათვის ერთ მეტად საინტერესო რჩევას იხსენებს, რომელიც მას უწმინდესმა მონასტერში წასვლის წინ მისცა: ”მონასტერში რომ მიხვალ ნურავის შეხედავ, გამოსწორება შენი თავიდან დაიწყეო”. უწმინდესი დაპირისპირებულ მხარეებს ყოველთვის მშვიდობისაკენ მოუწოდებს, სხვათა განკითხვასაც არ ისმენს, არამედ საკუთარ ცოდვებში ჩაღრმავებას მოუწოდებს და სულიერ შვილებს შეაგონებს: “მოყვასის ცოდვა დამალეთ და ღმერთი თქვენს ცოდვებს დაფარავსო”. და მონასტერიც უწმიდესის მიერ დადგენილი სამი კანონის მიხედვით ცხოვრობს: 1. არ განიკითხო; 2.  რაჟამს მოყვასი ბრალს გდებდეს, თავს ნუ იმართლებ, სთხოვე შენდობა და განშორდი; 3. ყოველ ადამიანში დაინახე მხოლოდ სიკეთე, მიმართე მას კეთილი სიტყვით, თუ ეს არ ძალგიძს - ნურაფერს ეტყვი.  

უწმინდესი ილია II, საბერმონაზვნო წესისამებრ, ხშირად საკუთარი მაგალითითაც სწავლის სულიერ შვილებს. იღუმენია ქეთევანი იხსენებს, თუ როგორ შეიყვანა მონასტრის დედები მცირე სენაკში და უთხრა: “_ აი, ხომ ხედავთ, რა პატარა სენაკია, თქვენს სენაკებზე პატარა სენაკი მაქვსო.”


უწმინდესის სწავლება სამთავროს მონასტრის დედების ძველ სამონასტრო  წეს-განგებას ეფუძნება და ახლადშემონოზვნებულებში ძველი დედების ცხოვრების ტრადიციებისადმი მოშურნეობის აღდგენას ესწრაფვის, რომელთა უმთავრესი ღვაწლიც “ათონური” ტიპიკონით ლოცვის აღსრულება იყო. დღევანდელი დედებიც აგრძელებენ ამ ტრადიციას, რომლისთვისაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II დედებს შეახსენებს: “ისინი ათონური ტიპიკონით ცხვრობდნენ, ადრე დგებოდნენ, ხანგრძლივად ლოცულობდნენ და ბევრს შრომობდნენ... სამთავროს დედებს ასეთი ტრადიცია ჰქონდათ, როდესაც რომელიმე და მონასტრის გალავანს გარეთ გადიოდა, ყველას დაუჩოქებდა და შენდობას სთხოვდა, რადგან არ იცოდა, უკან ცოცხალი დაბრუნდებოდა თუ არა...”


სამთავროს მონასტრის დედებს ქადაგებაში ხშირად შეახსენებს ხოლმე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მათი მოღვაწეობის ადგილის, “მაყვლოვანის” მადლმოსილებასა და მათ მაღალ მოვალეობაზე: “ნუ გვგონიათ, რომ წმინდა ნინომ IV საუკუნეში დაამთავრა თავისი მოღვაწეობა. იგი დღესაც აგრძელებს საქართველოს მოქცევას!...”  უწმინდესი კვლავ და კვლავ  მიაპყრობს მათ ყურადღებას მონასტრის ტრადიციებზე, ძველ მოღვაწე დედათა მოშურნეობაზე: “თქვენ კარგად იცით, როგორი წმინდაა ის ადგილი, რომელშიც თქვენ მოღვაწეობთ. აქ მოღვაწეობდა წმინდა ნინო. მრავალი ღირსი დედა და მამა...”, “მინდა გავიხსენო ჩვენი წინაპრები, რომლებიც მოღვაწეობდნენ აქ, ამ წმინდა მონასტერში. უპირველეს ყოვლისა ეს იყო იღუმენია ნინო (ამილახვარი). ცნობილია მისი დიდი სიკეთე და სულიერება. ასევე უნდა გავიხსენოთ ისეთი დიდი იღუმენია, როგორიც იყო დედა ნინო (ბარათაშვილი). მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სულიერებასთან ერთად გარკვეული საქმეც შემოეტანა მონასტერში და ამ მიზნით საფეიქრო დაზგები დადგა და დედები დაასაქმა..." უწმიდესი მონასტრის აწინდელ დედებს წინაპარ მონაზონთა სათნოებებს, მათი ცხოვრების წესს აცნობს და მონაზვნობის მაღალი წოდების წინაშე პასუხისმგებლობით სწავლის: “არ შემიძლია არ გავიხსენო ისეთი დიდი მონაზონი, როგორიც იყო დედა პარასკევა (უგრეხელიძე). ის 70 წელს იყო მიტანებული და ეშინოდა მონაზვნად აღკვეცისა. ასე ამბობდა: მე რა ღირსი ვარ მონაზვნობისაო. მთელი ცხოვრება აქ გაატარა და ბოლოს უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ უბრძანა აღიკვეცეო და ასე გახდა მონაზონი. იგი მოწყალებით გამოირჩეოდა...” ”მე მახსენდება მათი მაღალი სულიერება, მათი ღვაწლი; მახსენდება ჩემი ნათლია, დედა ზოილე. ერთხელ მას იატაკის შეღებვა შევთავაზე, მიპასუხა: რას ამბობ, რომ შევღებო, რაღა მონასტერი იქნებაო. მე აქ ფუფუნებისთვის არ მოვსულვარო - აი, ასეთი უბრალოება და უპოვარების სიყვარული ჰქონდათ მათ; მახსენდება დედა სიდონია, მარხვაში ხის კუნძი ედო თავქვეშ და იმაზე ეძინა. დედა ზოილე, ვხედავდი, ნაშუაღამევს მუხლებზე იდგა და ლოცულობდა... აი, ასეთები იყვნენ და თქვენ მათი ტრადიციების გამგრძელებლები ხართ...”


უწმინდესი დიდი სიყვარულით იგონებს დედა ანას (აჭაიზე): “დედა ანამ ტიპიკონი ზეპირად იცოდა, გალობდა, ბევრს შრომობდა, საბნებს კერავდა, ძროხებს უვლიდა”. მონასტრის აწინდელი იღუმენია ქეთევანი იხსენებს: ერთხელ სნეული იღუმენია ანას სანახავად მისულ პატრიარქს დაუჩოქია და  უთხოვია: “- დედა ანა მაკურთხე, ჯვარი გადამსახეო.” “- მე როგორ გადაგსახო ჯვარი, პატრიარქი ბრძანდებითო!” _ მორიდებით, თავაუღებლად მიუგია იღუმენია ანას, მაგრამ პატრიარქის დაჟინებულ თხოვნაზე, იღუმანიას ათრთოლებული ხელით სამგზის გადაუსახავს უწმინდესისათვის ჯვარი, ლოცვით: “სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა”. მაშინ იერუსალიმური დიდი სკვნილი უჩუქებია მისთვის უწმინდესს; ხოლო დედა ანას თავდახრით უთქვამს: “მე არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ხომ ვეგდე მონასტერში, იქნებ ამით შემიწყალოს ღმერთმა.” და მართლაც, მიცვალებული დედა ანასათვის უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დაუხედავს, სუდარა და ლეჩაქი აუხდია და მისი გაცისკროვნებული სახის დანახვაზე უთქვამს: “დედა ანა ცხონდა”.


დასასრულ უნდა აღინიშნოს ის უმთავრესი სწავლება მართლაღსარებისა, რომლითაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II არა ოდენ ბერ-მონაზვნებს, არამედ სრულიად მართლმადიდებელ საქართველს მოუწოდებს: “ქართველმა ერმა არ უღალატა ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებას. თქვენ იცით, იმ დროს, როცა მწვალებლობამ მთელი მსოფლიო მოიცვა, ჩვენი წინაპრები მართლმადიდებელ სარწმუნოებას მტკიცედ იცავდნენ. ისტორიიდან ცნობილია ისიც, რომ სწორედ აქ იყო მოყვანილი და ხელდასხმული იოანე გუთელი ეპისკოპოსად იმიტომ, რომ მართლმადიდებელი სარწმუნოება შეურყვნელად მხოლოდ აქ იყო დარჩენილი... ქართველ ადამიანს არ ეპატიება ურწმუნოება, მწვალებლობა, სექტანტობა. ეს უდიდესი ცოდვაა. ესაა ღალატი სჯულისა, ჭეშმარიტი სარწმუნოებისა... თქვენ იცით, როგორი რწმენა ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს, რამდენი ეწამა ქრისტესთვის, რამდენმა სიკვდილი არჩია სიცოცხლეს, ოღონდაც რწმენისთვის არ ეღალატა”.

ავტორი: მარინე ნიაური

 
 
2024 © Samtavro.Ge.All Rights Reserved. Created by: Proservice