წმიდა მეფე მირიანი და წმიდა დედოფალი ნანა

საქართველოს ეკლესიის მნათობნი, წმინდა მოციქულთასწორნი, მეფე მირიანი და დედოფალი ნანა, საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოს დამამყარებელნი არიან (IV ს.). მირიანი საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფეა და იგი თვით წმინდა ნინოს მიერ არის დამტკიცებული და კურთხეული სამეფო ტახტზე, მღვდელმსახურთა მეოხებით. წმინდა ნინო თავის ნათლულს,სამოციქულო მეფე მირიანს, ჯვრის აღმართვისას ამგვარად ახარებს: “აწ უწყებულ იყავნ, ვითარმედ მოგხედნა შენ ღმერთმან და პატივგცა უფროჲს ყოველთა მეფეთა ქვეყანისათა. გიხაროდენ და მხიარულ იყავ...” ხოლო კვლავაც ეტყვის: ”...შენდა ჯერ არს სიხარული, მეფე, და დიდების მიცემაჲ ყოველთა შემოქმედისა ღმრთისა, რამეთუ დღეთა შენთა მოხედნა ღმერთმან ქვეყანასა ამას ნაპრალსა ერთსა ჩრდილოჲსასა...”


წმინდა მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის ღვაწლი მართლმადიდებელი ეკლესიის და, კერძოდ, საქართველოს ეკლესიის ისტორიაში განუზომელია.  ”ღმერთმა მისით დიდი მნათობნი და საღმრთო დიდების მხურვალე მღაღადებელნი მოავლინა... მან უწინარეს და შემდგომთა ყოველთა განადიდა უფალი ...ამავე დროს, იგი ერის ღვთისმოსაობის მოძღვარია (Натроев AА. „Мцхет и его собор Свети-цховели“).  

           
საეკლესიო და საერო ისტორია, ქართული თუ ბიზანტიური წყაროები ერთბამად აღიარებენ წმინდა მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის ღვაწლს; რამეთუ მათ წარუმართეს წმინდა ნინოს და სამეფო ნებითა და ძალმოსილებით საქართველოში წარმართული ცდომილება აღმოფხვრეს და სახელმწიფო აღმსარებლობად დაამტკიცეს და განავრცეს ქრისტიანობა. მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის ღვაწლი ეკლესიამ განადიდა და ისინი მოციქულთასწორად შერაცხა; როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროები (ბიზანტიური, სომხური, ლათინური) მოწმობენ, რომ  ”მირიანი თავისი ხალხის მოციქული გახდა”(სოკრატე სქოლასტიკოსი);  მირიანის თანამედროვე ისტორიკოსმა, რუფინუსმა, მას “თავისი ერის მოციქული უწოდა”; მსგავსადვე მოწმობს სოკრატე სქოლასტიკოსიც, რომ “მირიანი თავისი ხალხის მოციქული შეიქნა” (“წმინდა ნინო”, სამეცნიერო კრებული I თბ. 2008).


ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, ერის სრულიად შობას, “ბნელისაგან ნათლად შეცვლას”, “ჯოჯოხეთის ქვესკნელით” აღმოყვანებას მოასწავებს; და ამ ღვაწლს, საეკლესიო სწავლებით, ოდენ ღვთივრჩეული, ხელდასხმული ადამიანები აღასრულებენ.; ადმიანები, რომელთა სულშიც ერის წყვდიადში ყოფნის მახვილს ისე მტკივნეულად უნდა გაევლო, როგორც წმინდა ნინოს სულში განვლო ტკივილმა და შეძრა იგი, როდესაც არმაზით, გაცით თუ გაიმით სახელდებული, წარმართული ფასეულობებისაგან აღტკინებული ერი იხილა. ასეთ ადამიანად გამოარჩია ღმერთმა მეფე მირიანი, რომლისთვისაც ნიკოლოზ გულაბერიძე იტყვის: “სავლე იქმნა პავლე”, ხოლო კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა კირიონ II კიდევ უფრო აზუსტებს: “ წმინდა მირიანი სავლეა, რომელიც იქმნა პავლე. მასაც დაუბნელდა დიდი შუქით. მსგავსადვე დაუბნელდა და გამოუბრწყინდა ნათელი მირიანს. მან განიცადა საკუთარი სიბნელე, ხოლო შემდეგ ღვთიური ნათლის მხილველი გახდა - ღვთივბრწყინვალე სვეტი იხილა” (“Пастир“, 1988)


საისტორიო წყაროებით, მეფე მირიან ხოსროიანი ზედმიწევნით მცოდნე და აღმასრულებელი იყო როგორც ქართული წარმართული პანთეონის, ასევე ირანული ორიენტაციის სპარსული საკულტო მსახურებისა. საქართველო ამ პერიოდისათვის თავის საკულტო კერპების მსახურებასთან ერთად ზარატუშტრას სწავლების მიმდევარიც არის. მემატიანეთა გადმოცემით, მეფე მირიანი “აღიზარდა მსახურებასა შინა შვიდთა მათ კერპთასა და ცეცხლისასა”. “მოქცევაჲ ქართლისაჲ” მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო “ქართლის ცხოვრებისა” და სხვა წყაროების მიხედვით, მირიანი სასანიდების დინასტიის, სპარსთა მეფის ძეა. იგი უმემკვიდრეოდ გარდაცვლილი საქართველოს მეფე ასფაგურის ტახტზე აღასაყდრეს შვიდი წლისა და ცოლად შერთეს მისი ქალიშვილი, რომელიც მალევე გარდაიცვალა. 15 წლის მეფე მირიანს ცოლად მოჰგვარეს საბერძნეთის მთავარსარდლის ასული, ნანა. მეფე მირიანი მრავალმხრივ განსწავლული და იმდროისათვის ცნობილ ყველა რელიგიურ მოძღვრებას იყო დაუფლებული.  იგი მსახურებდა და აღმართავდა კერპებს და ბომონებს; როგორც ისტორიკოსი ალექსანდრე ნატროშვილი შენიშნავს, მეფე მირიანი ქურუმებთან იყო დაახლოებული და ერთგულად აღასრულებდა კერპთმსახურების რიტუალებს. “ქართლის ცხოვრების” მიხედვით, მირიანი ქრისტიანებს დევნიდა და მოგვიანებით იხსენებდა “მახვილითა მოწყვედასა ყოველთა ქრისტიანეთასა” (ქ.ცხ. 1955წ .გვ.108.).


მეფე მირიანის ერთგულება ქართული წარმართული კულტებისადმი, რელიგიურ გრძნობებზე უწინარეს, პატრიოტული გრძნობებით იყო განპირობებული; რადგან მას ყოველგვარი ქართულისადმი განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა და “დაივიწყა სპარსული ენა და შეიყვარა ქართული”; იგი ზედმიწევნით აღასრულებდა ქართულ ტრადიციებს, უყვარდა ქართული ენა და ქართველი წინაპრები - მან ფარნავაზ მეფის საფლავი შეამკო; მრავალგზის ბრძოლა გადაიხადა საქართველოს მიწა-წყლის დასაცავად; იგი ფიზიკურად უმკლავდებოდა ირანის ურდოებს და საქართველოს ხსნისათვის თავგამოდებით იბრძოდა ხან ირანელთა მხარეს და ხანაც რომის მოკავშირედ გამოდიოდა; ამ უკანასკნელთა დახმარებით, მეფე მირიანმა მრავალი კავკასიელი ტომი ალაგმა: ოსები, ლეკები, ხაზარები, დიდოები და სხვა. ერთგზის, ლეონტი მროველის მიხედვით,  ძმისშვილთან ერთად, მან საბერძნეთზეც გაილაშქრა. მემატიანე საგანგებოდ ჩამოთვლის მის საქმეებს და აღნიშნავს, რომ: “ესე ყოველი ქართველთა სათნოებათათვის ქმნა” და რომ ქართველებმაც “შეიყვარეს იგი უმეტეს ყოველთა მეფეთა”.


მაგრამ მეფისა და ერის სიყვარული ხორციელ დიდებისმოყვარებას მსახურებდა მხოლოდ; სულიერად კი მეფე მირიანიცა და მისი სამეფოც წყვდიადს მოეცვა და მსხვერპლშეწირვის რიტუალებთან ერთად, მაზდეანობის ცეცხლსაც მისცემოდა. პოლიტიკურად დაშლილი ქვეყნის სულიერ-ზნეობრივ სახედ არმაზის მთაზე წარმოდგომილი “კაცი ერთი სპილენძისა” წარმოჩნდება. ქრისტიანობის პირველ საუკუნეშივე ღვთივგამორჩეული, ღვთისმშობლის  წილხვედრი ქვეყანა, საქართველო, სადაც ერთი წმიდა კათოლოკე და სამოციქულო ეკლესიის ნიში - მაცხოვრის კვართი განისვენებდა, სადაც სამოციქულო ღვაწლი მოეფინათ წმინდა ანდრია პირველწიდებულს, სვიმონ კანანელს და სხვათ; ქვეყანა, რომლისთვისაც საბერძნეთიდან გამოწვეულმა ეპისკოპოსმა იოანემ თქვა: “აჰა, ესე რა, პირველითგანვე დამარხულ არს ქვეყანა ესე ღმრთისაგან მსახურად თვისად” - სულიერად და ფიზიკურად მოეცვა ქურუმთა და მოგვთა წყვდიადს. 


საქართველოს ფერისცვალებისათვის მცხეთაში შემოსული ყმაწვილი ქალი, ღვთისმშობლის საკუთარი მოწაფე, წმინდა ნინო, იმ დღეს მოადგა პომპეუსის სახელით ცნობილ ხიდს, როცა ქართველი ერი სატანურ რიტუალს აღუსრულებდა კერპებს და ხიდის თავს მდგომი ნინო ატირდა; ტიროდა იგი ხიდს იქითა სამყაროსათვის - მოგვობასა და ცდომაში შთაფლული ქართველი ერისათვის, რომელიც “ცოცხლივ შთაენთქეს ეშმაკსა, ვითარცა მკუდარნი ჯოჯოხეთსა”; ხოლო  ყოველივე ამას ვერ ხედავდნენ ვერც მეფე-დიდებნულნი და ვერც ერი ყოველი.


“მოქცევაჲ ქართლისაჲ” ზედმიწევნით აღბეჭდავს გარეგნულ ბრწყინვალებას, რომელსაც მეფე-დედოფალი მოეცვა და გადმოგვცემს ხიბლით მოსილ იმ მსვლელობას, რომელიც შიშსა და ძრწოლას ჰგვრიდა გარშემომყოფთ:  “სივლტოლაჲ და მიდამო დამალვაჲ იყო ყოვლისა კაცისაჲ და შეივლტოდა ყოველი კაცი საფარველსა ქუეშე, რამეთუ გამოსადმევიდა ნანა დედოფალი. და ვითარცა განვლო ნანა დედოფალმან, მაშინღა ნელიად-ნელად გამოვიდოდა ყოველი ერი”. მირიან მეფე კი “თვალთშეუდგამი ხილვითა“ წარუდგება ერს, რომელსაც ყვავილებს უგებენ და ქება-დიდებას შეასხამენ. ყოველივე ამ სანახაობისათვის ჰურია დედაკაცი ეტყვის წმინდა ნინოს:  “ღმერთი ღმერთთაჲ უწესს, რომელ არს არმაზ დაწყეული”, - ასე წარუდგება კერპებისათვის მსხვერპლშეწირვის რიტუალების აღმასრულებელი საქართველო მოციქულთასწორ დედა ნინოს, რომლის შუამდგომელობითა და ღვაწლით 6 (19) აგვისტოს, ფერისცვალების დღეს, არმაზისა და სხვა კერპთა მსხვრევით, საქართველოში წარმართული ცნობიერება დაიმსხვრა.


წმინდა ნინოს საკვირველი, დაუცადებელი ღვაწლით, შემდგომად ნანა დედოფლის განკურნებისა და მოქცევისა, უწინარესად მეფე მირიანის სულიერი სამყარო შეიძვრება. მას მერე, რაც მეფეს თვალწინ ჩამოეშლება მამა-პაპათაგან შეთხზული ცდომილი კულტები - მსოფლმხედველობა, რომელსაც იგი და მისი ხალხი ახორციელებდა,  იგი  შინაგან წინააღმდეგობას მიეცემა და თითქმის მთელი წლის მანძილზე იბრძვის მასში ორი სამყარო: სულიერი - შინაგანი შჯულის, სინდისის სახით და ხორციელი - პოლიტიკური და ტრადიციული ჩვევებით განპირობებული. ამ შინაგან მერყეობას და გაორებას მეფე მირიანს ვერ გაუნელებს ვერც წმინდა ნინოს მიერ ნანა დედოფლის სასწაულებრივი განკურნება და ვერც “ფიცხლად გვემული” მოგვის განკურნება. არამედ იგი, ქურუმ-მისანთაგან კიდევ უფრო შევიწროებული, ერთმანეთის გამომრიცხავ ქმედებებს აღასრულებს: ერთის მხრივ მეფე ურიათყოფილ ქრისტიან აბიათარს გამოიხსნის ჩაქოლვისაგან, ხოლო მეორეს მხრივ - ეშმაკეული მოგვის განკურნებისას, იგი წმინდა ნინოს ეუბნება: “რომლისა ღმრთისა ძალით იქმ კურნებასა ამას?! ანუ ხარ შენ ასული არმაზისა ანუ ზადენისა?” - მეფემ კარგად იცოდა, რომ წმინდა ნინო ქრისტეს სახელით აღასრულებდა ყოველივეს; მან ეს უწინარეს ყოვლისა საკუთარი მეუღლის, ნანა დედოფლისაგან უწყოდა. ამასთანავე, მირიანისათვის კარგად იყო ცნობილი ბიზანტიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად ცნობა და იგი ქრისტიანულ მოძღვრებასაც გულდაგულ ეცნობოდა; მაგრამ მეფეს სურდა, რომ წმინდა ნინოს ნებისმიერი კულტის მსახურად განეცხადებინა  თავი, ოღონდ “რომაელთა ცდომილი სჯული არ აღიაროს და არ ახსენოსო”. ამისთვის დიდ პატივს, სიმდიდრესა და მფარველობას დაჰპირდა ყმაწვილ ქალს, რადგან ამით შინაგანი სიმშვიდის მოპოვებას ფიქრობდა და როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სპარსეთთან სარწმუნოებრივი, ზნეობრივ-კულტურული და პოლიტიკური დაპირისპირების აცილება სურდა.


“ემბაზმა ქართლისამ”, ქართველთა განმანათლებელმა წმიდა ნინომ სრულად ცნო და განიცადა გვემა მირიან მეფისა და  ამ სიტყვებით დალოცა, უწინასწარმეტყველა და შეავედრა იგი უფალ იესო ქრისტეს: “შენ, მეფეო, სახელითა ქრისტესითა და ვედრებითა დედისა მისისათა და მისთანა ყოველთა წმიდათა, მოავლინენ შენზედა ღმერთმან ცისა და ქვეყნის შემოქმედმან, დამბადებელმან ყოვლისა დაბადებულისამან, დიდისა და დიდებისა მისისა და აურაცხელითა მრავალმოწყალებისაგან მოავლინენ შენ ზედა ვითარცა სახმილისაგან ნაბერწყალი ერთი მადლისა მისისა , რათა სცნა და გულისხმაჰყო სიმაღლე ცისა და ნათელი მზისა, სიღრმე ზღვისა და სივრცე ქვეყანისა და საფუძველი მისი...  მეფეო, ახლოს არს მიახლება შენი ღმრთისა მიხედვად. რამეთუ არს ქალაქსა ამას შინა სასწაული ერთი. სამოსელი ძისა ღმრთისა აქა არს, და ხალენისა მის ელიასი თქუეს, ვიეთმე აქავეყოფა... და მრავალნი სასწაულნი არიან, რომელი ღმერთმან გამოაჩინეს. და აწ მე მთავარი ესე შენი განვკურნო ძალითა ღმრთისა ჩემისათა და ჯუარითა ვნებისა მისისათა, ვითარცა დედოფალი განვკურნე სენისაგან დიდისა. და რა იგი ვაუწყე მას, ჰყოფს იგი, რაჲთა სულიცა თვისი განაბრწყინოს და ერიცა თვისი მიაახლოს ღმერთსა” (”ქართლის ცხოვრება”).


წმინდა ნინომ დალოცა მეფე და აუწყა, რომ მალე აეხილებოდა სულიერი თვალი; მან პირველად განუმარტა მეფეს სამეფო ხელისუფების რაობა: “რაჲთა სულიცა თვისი განაბრწყინოს და ერიცა თვისი მიაახლოს ღმერთსა”, რისთვისაც ნანა დედოფლის გზაზე მიანიშნა მეფეს, იმ გზაზე, რომელიც “სულის გამაბრწყინვებელია” და რომელსაც შედგომოდა დედოფალი: “რა იგი ვაუწყე მას, ჰყოფს იგი” - ეს იყო მორჩილების გზა, რომლითაც ნანა დედოფალმა მოციქულთასწორის მსახურებამდე განვლო და მით, წმინდა ნინოს ღირსეული მოწაფე, საქართველოს სულიერი დედოფალიც გახდა. სწორედ ასე მიმართავს წმინდა ნინო თავის სულიერ შვილებს და დებს: “ასულნო სარწმუნოებისანო, მახლობელნო ღმრთისანო, დედოფალნო ჩემნო, გხედავთ თქვენ, ვითარცა პირველთა მათ წმიდათა დედათა ყოველსა მას სარწმუნოებასა და სიყვარულსა ღმრთისასა”.


ქრისტიანობაზე მოქცევისთანავე, ნანა დედოფალი მეუღლის, მეფე მირიანის, სულისთვის ზრუნავს. იგი დღემუდამ შეაგონებს მეუღლეს და უქადაგებს ღვთის სიტყვას; ნანა დედოფალი არასდროს არ განეშორებოდა წმინდა ნინოს, იგი მთიულებთან ქადაგების დროსაც გვერდით ედგა მას, როგორც დედოფალი და როგორც სულიერი შვილი; და არც “არასადა განეშორებოდეს ეკლესიასა, სვეტისა მის ცხოველისასა და ნათლისასა”. დედოფალი დღემუდამ განისწავლებოდა წმინდა ნინოს მიერ და საქართველოს განმანათლებლის პირველ მოწაფეთა შორის აღასრულებდა მოციქულთასწორთა ღვაწლს; იგი ყოველმხრივ შეეწეოდა ქრისტეს სძალს, ნინოს, საქართველოს მოქცევისათვის - როგორც ერთი ქრისტიანთაგანი და როგორც - ქვეყნის დედოფალი; იგი პირველი ქართველი ქრისტიანი დედოფალია, რომელიც სულიერი დედოფლობისათვის უფრო იღვწოდა, ვინემ ხორციელისათვის. მოციქულთასწორმა წმინდა ელენემ  თავის ხელით დაწერა ეპისტოლე, სადაც  ნანა დედოფალი “სანატრელად” მოიხსენია. წმინდა ნინოს მოწაფე, დედოფალი ნანა  ქურუმებისაგან შეგულიანებული მეფის რისხვა-მუქარასაც არ ერიდებოდა;  მხოლოდ ღვთის განგებით გადაურჩა იგი მოსალოდნელ სასჯელს, რომლის აღსრულებაც, სანადიროდ გასულმა მეფე მირიანმა, სამეფო კარის  მსახურებს აღუთქვა: “აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა ბოროტად მოვსრნე ყოველნი მოსავნი ჯუარცმულისანი; ვამხილო ნანას, ცოლსა ჩემსა, შენანება და დატეობა სჯულსა ჯუარცმულისასა და თუ არა მერჩდეს, დავივიწყო სიყვარული მისი და სხუათა თანავე წარვწყმიდო იგიცა”, - მაგრამ ამ სიტყვებთან ერთად მსწრაფლ მოიწია მეფე მირიანზე განსაცდელი: თხოთის მთაზე სანადიროდ გასულ მეფეზე (თეოდორიტე კვირელის თქმით) “კაცთმოყვარე უფალმა ინადირა მასზე, მსგავსად პავლესი”. მატიანეები სახიერად აღწერენ, თუ როგორ ჩამოწვა წყვდიადი მეფეზე, როგორ “იქმნა ღამე უკუნი” და დარჩა მარტო და “იარებოდა შეშინებული და შეძრწუნებული” და რომ იყო “ცოცხლივ ჯოჯოხეთს შინა”; და ვერ გაეგო: ოდენ მის თავს ხდებოდა ყოველი ეს ჭირი თუ მთელი ქვეყანა მოიცვა ბნელმა... და როცა  თავის კერპებს უხმო - არავინ გამოუჩნდა შემწედ; “ხოლო კეთილისმყოფელმან  ღმერთმან აქცია გონებაჲ მისი უცნობელობისაგან ცნობად და უმეცრებისაგან მეცნიერებად”. გულისხმაყო მეფემ და განიცადა საკუთარი სულიერი წყვდიადი, ცრუმორწმუნეობა და უმეცრება მისი და მისი ხალხისა; ნადირობისას მოწევნილი განსაცდელით დაირღვა მაშინ და დაიმსხვრა ქურუმთა მაგიური ძალა და საკრველნი მეფე მირიანზე; მან უმალ მიმართა წმინდა ნინოს მიერ ქადაგებულ ღმერთს, ჯვარს და ჯუარცმულს: “ღმერთო ნინოსო, განმინათლე ბნელი ესე და მიჩუენე საყოფელი ჩემი; და აღვიარო სახელი შენი, და აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყვანისვცე მას და აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა, და ვიყო მორჩილ ნინოსა რჯულსა ზედა ჰრომთასა”,  - ეს იყო წმინდა მეფე მირიანის პირველი, მოკლე ლოცვა, რომელიც აღთქმის სახით წარმოთქვა მან. და აღუთქვა უფალს სარწმუნოება, ჯვარისა და სალოცავის აღმართვა და წმინდა ნინოს მორჩილება, რომლის აღსრულებასაც  მიუძღვნა მთელი შემდგომი ცხოვრება.


ლოცვის უმალ აღმოუბრწყინდება მზე და ნათელი ჯვრის სახით მოევლინება წმინდა მირიანს, მსგავსად კონსტანტინე დიდისა. მაგრამ  მირიანმა მოგვიანებით, ბორცვზე ჯვრის აღმართვის შემდეგ გააცნობიერა, რომ ჯვრის სახით გამოუბრწყინდა მას ნათელი. მაშინ კი, სულიწმინდით გაბრწყინებული მეფე, ცხენიდან გარდამოხდა და სარწმუნოების აღსარება წართქვა: “შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფალთა, ღმერთი, რომელსა ნინო იტყვის; და საქებელ არს სახელი შენი ყოვლისა დაბადებულისაგან, ცასა ქუეშე და ქუეყანასა ზედა. რამეთუ შენ მიხსენ მე ჭირისაგან და განმინათლე ბნელი ჩემი. აჰა, ესერა მიცნობიეს, რამეთუ გინდა ხსნა ჩემი, ლხინება და მიახლება შენდა, უფალო, კურთხეულო. ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯვარისა, რომლითა იდიდებოდეს სახელი შენი და იხსენებოდეს საქმე ესე სასწაული უკუნისამდე”.


საღმრთო ნათლით გაბრწყინებული მეფე მირიანი,  ღვთისადმი ღაღადებდა და ხმამაღლა იძახდა: “მიეცით ღმერთსა ნინოსსა დიდება, რამეთუ იგი არს საუკუნითგან ღმერთი და მას მხოლოსა შვენის დიდება უკუნისამდე”.


გახარებული მეფე ნანა დედოფლისა და ორმოცდაათი კაცის თანხლებით ეახლა წმინდა ნინოს მაყვლოვანში, სადაც მწუხრის ლოცვას აღასრულებდა ქართველთგანმანათლებელი, “ჩვეულებისაებრ მისისა”. გულანთებული მეფე  ეძიებდა საკვირველ ყმაწვილ ქალს, და ხმამაღლა იძახდა: “სადა არს დედაკაცი იგი უცხო, რომელ არს დედა ჩემი და ღმერთი მისი მხსნელი ჩემი?!”, - მუხლი მოუყარა ღვთისმშობლის მოწაფეს და ითხოვა მისგან ნება, უფლის სახელის ხსენებისა: “აწ ღირსმყავ სახელისდებად, სახელსა ღვთისა შენისა და მხსნელისა ჩემისა”. წმინდა ნინომ იგი აღმოსავლეთით მიაქცია და ასწავლა ძე ღმერთის თაყვანისცემა. 


მაყვლოვანში შედგა მოციქულთასწორთა წმინდა ნინოსა და წმინდა მირიანის სულიერი დედა-შვილობა და მას მერე მრავალგზის განისწავლებოდა მეფე წმინდა ნინოსაგან: “ხოლო ნეტარი ნინო ასწავებდა დღედაღამე მეფესა ყოველსა ჭეშმარიტსა გზასა ღმრთისასა აწ და უკუნისამდე” (“მოქცევაჲ ქართლისაჲ”).


მეფე მირიანი წმინდა ნინოს წინაშე ბავშვური სიწრფელით და მორჩილებით აღივსება; იგი, დღიდან მოქცევისა, მორჩილებისა და სიმდაბლის სრულად აღმასრულებელია და ყოველ მის ნაბიჯს, საკუთარს თუ საქვეყნოს, უფალს მიანდობს; რომლის ნებასაც მას წმინდა ნინო დაუცადებლად განუცხადებდა. წმინდა მირიანი ხშირად ეკითხებოდა ქრისტიანულ მოძღვრებაზე და მრავალს სწავლობდა პირველმღვდლისაგან, ურიათყოფილ აბიათარისაგან;  ზედმიწევნით ეცნობოდა და გულდასმით სწავლობდა იგი ძველი და ახალი აღთქმის მოძღვრებას; გაეცნო ყოველივეს და “იწყო გამოძიებად სჯულისა”;


წმინდა ნინოსაგან მრავალგზის სულიერი განსწავლის შემდგომ მეფე განუცხადებს სულიერ დედას: “მესწრაფვის მე აღშენებად სახლსა ღმრთისასა და სადა აღვაშენო?”. წმინდა ნინო, მას, როგორც მეფეს, რომელიც სულ მალე პირველი მირონცხებული მეფე იქნება (მასზე, ნათლობის უმალ, მეფეთკურთხევის საიდუმლოც აღსრულდებოდა), გადაწყვეტილების მიღებას მიანდობს და ეტყვის: “სადაცა მეფეთა გონება მტკიცე არს”. აქაც ბავშვური სიწრფელითა და სიყვარულით გამოხატავს, რომ მისი სულიერი შობის ადგილი და სახლი მაყვლოვანში იყო, ხოლო სულიერი დედა - წმინდა ნინო; ამიტომაც ეტყვის მას: “მიყვარან მაყვალნი ესე შენნი და მუნ მნებავს გონებითა ჩემითაო”. მაგრამ კეთილმორწმუნე მირიანმა  წმინდა ნინოს ხილვით უწყებული ადგილი ვერ უგულებელყო, ადგილი, სადაც პირველი ტაძარი უნდა აგებულიყო - სამოთხის ბაღი, სადაც კვართი უფლისა განისვენებდა და დასძინა: “... ჭეშმარიტად, სამოთხე ესე ხორციელი წარმწყმედელი შეგვეცვალოს სამოთხედ საუკუნოდ, და მუნ აღვაშენოთ სახლი ღმრთისა სალოცველად ჩვენდა, ვიდრე მოსვლადმდე მღვდელთა საბერძნეთით”.


მემატიანეთა გადმოცემით, სვეტიცხოველის აღმართვისას, მრავალი საკვირველება აღესრულა: საზარელი მეხთა ტკრციალი ისმოდა, მტკვარი ადიდდა და ქალაქი გადარეცხა, კერპები და საკერპო ბომონები დაიქცა.. იმავე ღამით მოუხდა მეფეს სპარსთა მხედრიონიც; მას, როგორც ქრისტეს მხედარს, ერთობით წინ აღუდგა გარეშე და შინაური, ხილული თუ უხილავი მტერი. ხოლო წმინდა ნინომ უწყოდა ახლადმოქცულ სულიერ შვილზე მოწევნული ყოველი განსაცდელი, იცოდა სამოციქულო ჯვარის სიმძიმე, რომელიც მის სულიერ შვილს ეტვირთა და ამიტომაც: “დადგა წმინდა ნინო,  განიპყრნა ხელნი და ილოცვიდა ღმრთისა მიმართ და იტყოდა: ”რათა არა დაებრკოლოს საქმე ესე, რომლითა წარმართებულ არს მეფე”. წმინდა ნინოს ლოცვით,  იმ ღამით სასტიკ ბრძოლაში სძლია მეფემ სპარსელებს. ხოლო შეძრწუნებული ერი ამ სიტყვებით ანუგეშა მოციქულთასწორმა ნინომ: “ნუ გეშინინ, დანო ჩემნო, მთანი მუნვე ჰგიან და წყალნი მუნვე დიან, და ერსა ყოველსა სძინავს... ხოლო ხმა ესე ტყებისა არს ეშმაკთა სიმრავლისა, რამეთუ იგლოვენ იგინი თავსა თვისსა, რომელ არიან მეოტ ამით ადგილით, ძალითა მაღლისათა და ჯუარითა ქრისტესითა. მოიქეცით და ილოცევდით ღმრთისა მიმართ. (ლეონტი მროველი). 


ამ პერიოდისათვის ბიზანტიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული და მაცხოვრის ძელი ცხოველიც აღიმართა.  წმინდა მეფე მირიანი, როგორც მონარქი, ახლა არა მარტო ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზე ზრუნავს, არამედ მის სულიერ-კულტურულ და პოლიტიკურ მხარეზეც; მან თავისი ერის სულიერ-ზნეობრივი წყვდიადისაგან გამოხსნა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება განიზრახა,  რითაც ქართველი ერის ცნობიერება და მისი ისტორიული ნება წარმართა. კათოლიკოს პატრიარქი წმინდა კირიონ II აღნიშნავს:  “მთელი მისი მოქმედება, ღვაწლი და ყოველივე - დიდებული აზრის აღსრულებას, მის დიდ ადამიანობაზე მიუთითებს. რა დიდებული განზრახვაა თავის ოჯახის და ქვეყნის გარდაქმნა; რა ბრძნულ წინდახედულებას და სიფრთხილეს იჩენს იგი თავის ქმედებაში და რა თავგანწირვას! რამეთუ ქრიტიანობის გამოცხადებით, მან აიმხედრა მონათესავე სასანიდების დინასტია; რა თანამიმდევრულობაა მის მოქმედებაში და რა უდრეკი სიმტკიცეა!.. ჩვენში, ქრისტიანობის გაბატონებით, სწორედ მეფე მირიანის დროს დაიწყო ჩვენი განათლების, წეს-ჩვეულების, ზნეობრიობის და რაც მთავარია - ჩვენი იმედების ახალი პერიოდი”. (იქვე).


ბიზანტიის იმპერიის ქრისტიანულ სახელმწიფოდ გამოცხადების უმალ, საქართველოში წარმართული ცნობიერება და კულტების მისტერია ირღვევა - საქართველო ქრისტიანული ბიზანტიის მხარდამხარ დადგება და საუკუნეთა მანძილზე მებრძოლი ეკლესიის წინა რიგებში დღესაქამომდე აღასრულებს მოწამებრივ ღვაწლს. წმინდა ნინოს წინამძღოლობით, მოციქულთასწორნი, მეფე მირიანი და დედოფალი ნანა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამამყარებელნი,  ქართველი ერის ცნობიერებისა და მისი ისტორიის წარმმართველნი არიან. წმინდა მეფე მირიანი, სულიერი დედის, წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევითა და სამეფო ნებით, საბერძნეთთან ამყარებს ურთიერთობას - “საქართველოს მომავალი ეკლესიის იერარქიული მოწყობისათვის” (წმინდა კირიონ II), საქართველოს ადგილობრივი  მართლმადიდებელი ეკლესიის  ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წიაღში დასამკვიდრებლად.


წმინდა მირიანმა, საქართველოში საყოველთაო ნათლისღების აღსასრულბლად, საბერძნეთიდან მოიწვია სასულიერო იერარქები და სამეფო ძალმოსილებით მოუწოდა ქართველ ერს ნათლისღებისათვის. ხოლო ერი, რომელიც პირველსაუკუნითვე ღვთივ განისწავლებოდა და განიწმინდებოდა საუფლო კვართის კეთილსუნელებით, ერი, რომელმაც იხილა სასწაული სვეტი ცხოველისა და რომელიც წმინდა ნინოს ქადაგებას ისმენდა - საკვირველი მოშურნეობით შეუდგა აღმსარებელი მეფის მოწოდებას. მემატიანე სახიერად გადმოგვცემს: “და მიატყდებოდა ერი იგი ურთიერთას მოსწრაფებით და ევედრებოდა მღვდელთა, რათა პირველად მას ვისმე ნათელსცეს. და ესრეთ სურვიელ იყო ერი იგი ნათლისღებისათის, რამეთუ ესმინა ქადაგება წმიდისა ნინოსი, რომელსა იტყვის: “ყოველმან, რომელმან არა ნათელიღოს, არა ჰპოვოს მან ნათელი საუკუნო”. .....


წმინდა მეფე მირიანმა პირველი ქრისტიანული სახელმწიფოს დამამყარებელთან, წმინდა იმპერატორ კონსტანტინე დიდთან, ქრისტესმიერი სიყვარულით აღბეჭდილი მართლმადიდებელ ხელისუფალთა ურთიერთობა აღასრულა, რითაც ერთმორწმუნე ქვეყნების ურთიერთობის საღმრთო ნება განცხადდა. საგულისხმოა, რომ მატიანეებში მოციქულთასწორნი წმინდა კონსტანტინე და წმინდა მირიანიც “მეორე პავლედ” იხსენიებიან. მათი ურთიერთპატივი და ურთიერთშეწევნა მართლმადიდებლური ქვეყნების ღმრთისადმი თანამსახურებას გამოხატავს. სწორედ ამის გამომხატველია ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინესა და ელენე დედოფლის ის დიდი სიხარული, რომლითაც საქართველოს მეფე-დედოფლის ეპისტოლეების მიღებისას აღივსებიან. მემატიანე აღნიშნავს: “რამეთუ მადლი ღვთისა და სარწმუნოება ქრისტიანთა აღორძინდებოდა და განმტკიცდებოდა ყოველსა სოფელსა შინა...” მართლმადიდებელი საბერძნეთის ხელისუფალთა დიდი სიხარულის პოლიტიკურ მიზეზსაც წარმოაჩენს მემატიანე, როდესაც აღნიშნავს, რომ: “განეშორებოდა მეფე მირიანი შეერთებისაგან და თანაშეწევნისაგან უსჯულოთა სპარსთა და განმტკიცდებოდა სჯული ქართველთა და ბერძენთა ერთბამად”.


მოციქულთასწორ მონარქთა, წმინდა კონსტანტინესა და წმინდა მირიანის მიმოწერაში ქრისტესმიერი სიყვარული და ურთიერთპატივია აღბეჭდილი. პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე ქრისტიანული სახელმწიფოს პირველდამამყარებელს, იმპერატორ კონსტანტინეს, ეპისტოლეში იხსენიებს, როგორც: “ნათელი ყოვლისა ქრისტიანობისა”, “კონსტანტინეპოლის სამეფოს სახედ მზისა განმანათლებელს”, “სწორად წმინდათა მოციქულთა”. მეფე მირიანი  სიმდაბლით აღუარებს ქრისტესმიერ ძმას და გიხაროდენს უძღვნის: “აწღა სადმე წყალობითა სახიერისა ღვთისათა ძლით განფრთხობილი სიმთვრალისაგან უმეცრებისა და საშოსაგან დედისა სიბნელისა ახლად ვიდრემე ნათლად გამოსრული, ქრისტეს მიერსა გიხაროდენსა მიგიძღვანებ... მან უკუე სახიერმან არცაღა ვიდრემე ჩემი სათნო იჩინა უფსკრულსა შინა სიბნელესა და დავიწყებისასა დაშთომა...” (“საქართველოს სამოთხე”). ქართველთა მეფე, სულიერი დედის კურთხევითა და  აღმსარებლური სიმდაბლით სთხოვს კონსტანტინე დიდს იერარქთა გამოგზავნას “ჭეშმარიტი, უცდომელი ქრისტიანობისათვის”, რათა ღირსი გახადოს “სრული ნათლის მიმთხვევასა” და, აგრეთვე - იგი ქართველთა სულიერ შემწეს ძელი ჭეშმარიტის, სახარების და სხვა სიწმინდეების გამოგზავნას სთხოვს. ხოლო კონსტანტინე და ელენე დედოფალი თავის ხელით წერენ საპასუხო ეპისტოლეს ქართველთა მეფე-დედოფალს, რომელთაც “სწორად წმინდათა მოციქულთა” იხსენიებენ. იმპერატორი კონსტანტინე ეპისტოლეში საკუთარ თავს ღმრთის “ახალ მონად” იხსენიებს და მეფე მირიანსაც “ჩემთანვე ახალნერგს” უწოდებს; იგი ქართველთა მეფეს ძმად, მორწმუნედ და “ღმრთივგანბრძნობილად”  მიიჩნევს და  “სიყვარულსა ზედა ძმებრივსა ზედა” დგომას უცხადებს (“ქართლის ცხოვრება”). წმინდა ელენე დედოფალი კი, თავის მხრივ, პატივს მიაგებს საქართველოს წმინდა დედოფალ ნანას, რომელსაც “თვისთა სწორ დედოფლად” და “სანატრელად” მოიხსენიებს. მოციქულთასწორთა, ბერძენ და ქართველ მეფე-დედოფალთა ქრისტესმიერი სიყვარული, ქრისტიანულ სახლმწიფოთა ერთსულოვნების, ღვისმსახურების ერთობით აღსრულების და ურთიერთ თანადგომის გამოვლინებაა. მართლმადიდებელი კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის სულიერი ერთობის ნიშნად და ქართული ეკლესიის განსამტკიცებლად გაწეული  ღვაწლის მოწმობად წარმოჩნდება, წმინდა კონსტანტინე დიდის მიერ  გაღებული მრავალი საბოძვარი, სულიერი თუ ნივთიერი: მაცხოვრის ძელი ცხოველის ნაწილი, ფერხთა ფიცარი, სამსჭვალნი, მაცხოვრის ხატი, წმინდა სახარება და ნივთიერი შეწევნა ყოვლითურთ.


ქრიტესმიერი ძმობის დასტურად, წმინდა კონსტანტინემ დიოკლეტიანეს მიერ მძევლად წაყვანილი ვაჟი დაუბრუნა წმინდა მირიანს; ეპისტოლეში აღმსარებლური სიმდაბლით დალოცა იგი და მიუწერა: “იყავნ შენდა მშვიდობა და სიხარული, ვინათგან იცან სამება ერთარსება... არღარა მიხმს მე შენგან მძევალი, არამედ კმა არს ჩვენს შორის შუამდგომელად ქრისტე ძე ღვთისა, პირველსაუკუნეთა შობილი... ვიყუნეთ ჩუენ სიყუარულსა ზედა ძმებრივსა; შვილი შენი შენადვე მიმინიჭებია და განიხარე”. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეპისტოლეში მოციქულთასწორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა ლოცვა აღავლინა საქართველოსათვის: “ღვთისაგან მოვლენილი ანგელოზი იყავნ შენ თანა; მარადის განდევნენ ღმერთმან დამბადებელმან ეშმაკი მაცდური საზღვართაგან შენთა” (“საქართველოს სამოთხე”, გვ. 152).


მოგვიანებით, იერუსალიმში   მოსალოცად ჩასულ მეფე მირიანს, იმპერატორმა კონსტანტინემ მიწის ნაკვეთი უბოძა, წმინდა მიწაზე ეკლესიის ასაგებად - იქ, სადაც მოკვეთეს საუფლო ჯვარი. წმინდა მეფე მირიანმა ამ ადგილზე “ჯვარის მონასტრის” მშენებლობას დაუდო საფუძველი, რომელიც დღემდე ყოველთა მართლმადიდებელთაგან არის განდიდებული და “თვისად” მიჩნეული; ტაძრის  კედელზე წმინდა მირიან მეფის ფრესკა იყო გამოსახული, წმინდა ვახტანგ გორგასალთან და ბაგრატ კურაპალატთან ერთად. ფრესკის პირველმა თვითმხილველმა, ეპისკოპოსმა ტიმოთე გაბაშვილმა (XVIII ს.)  ტაძრის კედლიდან პირი გადმოიღო და თავის დიდებულ თხზულება “მომოსვლას” დაურთო.


ღვთივბრწყინვალე მეფე მირიანის ცხოვრება კეთილმორწმუნეობის, სიმდაბლის და მორჩილების სახედ წარმოდგება, რასაც მოწმობენ მისი ღვაწლით აგებული ტაძრები: სვეტიცხოველის, სამთავროს, იერუსალემის ჯვრის მონასტრის (საფუძველი მან დაუდო), ერუშეთის, მანგლისის, ბოდბის და სხვათა.


წმინდა მეფე მირიანი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში საერო და საეკლესიო ხელისუფლების ბიზანტიური წესის, სიმფონიური ურთიერთობის, დამამკვიდრებელია. იგი საერო ხელისუფალთა ეკლესიისადმი მორჩილების პირველსახეა. მან მთელი თავისი ცხოვრება ქრისტიანული სახელმწიფოსათვის ამ აუცილებელი კანონოს აღსრულებას და დამკვიდრებას მიუძღვნა, რითაც პირად ღვაწლთან ერთად სამეფო ღვაწლიც ღვთივსათნოდ  განასრულა. მემატიანეები წმინდა მეფის ამ ღვაწლს მრავალგზის წარმოაჩენენ, სულიერ დედასთან, წმინდა ნინოსთან მისი მიმართებით.


ერთგზის, შემდგომად საყოველთაო ნათლისღებისა, მეფემ მთიულთა მოქცევა ძალით განიზრახა; ხოლო სულიერი დედის, წმინდა ნინოს პირველსავე შეგონაბაზე: “არა ბრძანებულ არს ღვთისაგან მახვილისა აღება, არამედ სახარებითა და პატიოსნითა ჯუარითა უჩვენოთ გზა ჭეშმარიტი მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ და მადლმან ღუთისამან განანათლოს ბნელი იგი გულთა მათი” (მიხეილ საბინაშვილი ხაზგასმით შენიშნავს, რომ ეს სიტყვები წმინდა ნინომ წარმოსთქვა. “საქართველოს სამოთხე”, გვ.149), - მეფე უსიტყვოდ ემორჩილება მას.


ეკლესიისადმი მორჩილების სახედ წარმოდგება ქართლის ცხოვრების ეპიზოდი, როდესაც საბერძნეთიდან მოწვეული ეპისკოპოსი იოანე და  თანმხლები  სასულიერო პირები “პირველ არა სამეფოსა ქალაქსა მოვიდეს”, არამედ მირიანთან წარდგომისა და მისი ნების გარეშე, ერუშეთსა და მანგლისში იწყეს ტაძრების შენება და წმინდა კონსტანტინესაგან წარმოძღვანებული სიწმინდეებიც იქვე დატოვეს. ამან მირიანი, როგორც მეფე დაამწუხრა და საეკლესიო იერარქთა “თვითნებურმა” ქმედებამ საგონებელს მისცა იგი; მაგრამ წმინდა ნინოს სწავლებას ღვთისმსახურთა ქმედებისათვის  მეფე უმალ შეისმენს: “ნუ უკუე მწუხარე ხარ, ჰოი, მეფეო, რამეთუ ესრეთ ჯერ არს, ვითარცა მოვიდოდიან, ეგრეთვე სთესვიდნენ თესლთა ღვთისმსახურებისათაო”; ხოლო სულიერი დედისმიერმა უწყებამ: რომ მცხეთაში უფლის სამოსელი - კვართი უფლისა მაცხოვრისა და მხსნელისა ჩვენისა განისვენებდა, რომელიც ღმერთმა მოანიჭა სამეფო ქალაქს სადიდებლად და მცუელად - მეფე მირიანმა განიხარა,  “განიპყრნა ხელნი” და მადლობა აღუვლინა ღმერთს ქართველთა მფარველობისათვის და ასე ილოცა: “ კურთხეულ ხარ შენ იესო, ძეო ღუთისაო ცხოველისაო, რამეთუ პირველითგანვე გინდა ხსნა ჩუენი ეშმაკისაგან და ადგილისა ბნელისა; ამისთვის სამოსელი იგი შენი წმიდა წარმოეც წმიდით ქალაქით შენით იერუსალიმით ებრაელთა მათ, ღუთაებისა შენისა უცხოქმნილთა ჩუენ უცხოთა ნათესავთა”.


წმინდა ნინოსადმი სრული, ყმაწვილური მინდობა და სულის სიწრფელე ცხადდება წმინდა მირიანისა, როდესაც იგი ცეცხლოვანი გვირგვინითა და ვარსკვლავებით გარშემორტყმულ, ზეციდან სასწაულებრივად ჩამოსულ ჯვარს იხილავს: გაოცებული მეფე ყველას ეკითხება და ევედრება, განუმარტონ, რას ნიშნავს ეს მოვლენა და როდესაც პასუხს ვერავისაგან მიიღებს, მაშინღა შებედავს წმინდა ნინოს და ჰკითხავს: ” რა არს დედოფალო, ცხადად გამობრწყინებული ეს სასწაული?!”. მოციქულთასწორი დედა მას აუწყებს: “ ჰე, მეფეო, ნუ ეძებ გამოუძებნელსა და ნუ განსცდი გამოუცდელსა, რამეთუ  საქმენი მისნი გამოუკვლეველ არიან. აწ უწყებულ იყავნ, ვითარმედ მოგხედნა შენ ღმერთმან და პატივგცა უფროჲს ყოველთა მეფეთა ქვეყანისათა. გიხაროდენ და მხიარულ იყავ, რამეთუ ჯუარი იგი, რომელსა ზედა თვით ნებსით თვისით ხელნი განიპყრნა, აწ იგი მოგივლინა შენ მხსნელად შენდა ყოველთაგან საფრხეთა მტერისა...”


წმინდა ნინოს ეს  უწყება მალევე საჯაროდ დაამოწმა უფალმა და განადიდა თავისი მსახურის, წმინდა მირიანის, ღვაწლი: როდესაც ვერ გადაწყვეტენ ჯვარის აღმართვის ადგილს და ყველა თავისას ამბობს, წმინდა მეფე მირიანი ლოცვად დადგა და შემდგომად მრწამსის წართქმისა შესთხოვა უფალს: “გამოცხადებაჲ ადგილისაჲ, რომელსა აღვმართოთ ნიში ჯუარისა შენისაჲ.”  ღამით მეფეს ანგელოზი გამოეცხადა და უჩვენა ადგილი, ბორცვი მცხეთის მახლობლად, სადაც პატიოსანი ჯვარი უნდა აღემართათ.


მოციქულთასწორი მეფე მირიანი მის თავს განცხადებულ ღვთის მადლს სრულად სულიერი დედის, წმინდა ნინოს, ღვაწლს მიათვლიდა. იგი თავის ანდერძში ამბობს: “აღსავსე ვიყავ სიხარულითა და ვმადლობდი ღმერთსა”. მას ერთი სურვილიღა ჰქონდა - რომ ამქვეყნიდან სულიერი დედის ლოცვას გაეცილებინა; მაგრამ, მემატიანის თქმით,  “ფრიადი მწუხარება“ დაატყდა თავს მას და “ყოველსა ერსა ქართლისასა” - ღმრთივმიიცვალა ქართველთგანმანათლებელმა წმინდა ნინომ, რისთვისაც წმინდა მირიანი ამბობს: “ობოლ ვიქმენით დედისა განმანათლებელისა ჩვენისაო”. მეფე მირიანი წმინდა ნინოს საფლავს შვიდი დღის განმავლობაში არ განშორებია და იგლოვდა ქართველთა სულიერ დედასთან განშორებას, უფლის სხვა მსახურებთან ერთად. მემატიანის გადმოცემით, აუწერელია მწუხარება, რომლითაც წმინდა მირიანმა წმინდა ნინო გააცილა.


წმინდა მოციქულთასწორი ნინოს ღვაწლი კაცთაგან პირველმა წმინდა მირიანმა განადიდა, რომელიც სიკვდილის სარეცელზე მდებარე აღმოიტყოდა: “...ამან წმინდამან აღანთო გულსა ჩემსა სანთელი ნათლისაჲ და შუაღამეს ოდენ მეჩვენა მე მზე ბრწყინვალე, ქრისტე ღმერთი ჩვენი... და მექმნა ჩვენ მოძღვარ და შემრთნა ჩვენ ერსა  ქრისტესსა ნათლისღებითა წმინდითა და პატიოსნისა ძელისა თაყვანისცემითა, და მომცა ჩვენ შჯული ახალი... მე ვიქმენ მორჩილ ბრძანებათა მისთა, რომელიცა მასწავა...”; მიცვალებისას მეფე  მთავარეპისკოპოს იოანეს  “ჰვედრებდა, რათა დადვას დიდებაჲ მისი, რომელი ღირს არს პატივისცემისა”. ამ სიტყვებით წმინდა მირიანმა ქართველთგანმანათლებელის წმინდანად შერაცხვის საღმრთო ნება განაცხადა.

წმინდა მირიანმა, შემდგომად წმინდა ნინოს მიცვალებისა, სულიერი დედის ყოველი ღვაწლი და კურთხევა განასრულა: “რაჲთა სული თვისი განაბრწყინოს და ერიცა თვისი მიაახლოს ღმერთსა” (“ქართლის ცხოვრება”). მან ღმრთისმშობლის საკუთარი მოწაფის, წმინდა ნინოს, სადგომი - მაყვლოვანი პირადი  და საქართველოს ფერისცვალების  დასაბამ ადგილად ცნო და სულიერი დედის ამქვეყნიდან გასვლის შემდგომ ტაძარი ააგო იქ, სადც საუკუნო განსასვენებელი განიმზადა; ხოლო სვეტიცხოველი, რომელიც მატიანეებში “ქვემო ეკლესიად” იწოდება, მისთვის და სრულიად ერისათვის თვალშეუდგამი “წმიდა წმიდათას” ხატად წარმოჩნდებოდა, რომლისთვისაც წმინდა მეფე მირიანი ამბობს: “და აღვაშენე ეკლესიაჲ მაყვლოვანსა მას შინა ნინოჲსსა, და ვქმენ მას შინა საქმეჲ, ქმნული უჩინოჲ და ცხადი, დიდებაჲ მაყვლოვანთა მათ... და აღვაშენე ზემოჲ ეკლესიაჲ თავისა ჩემისათვის ქვითა და ერისა სიმრავლითა, რამეთუ ქვემოსა ეკლესიასა ერქუა “წმიდა წმიდათაჲ” და ყოვლადვე ვერ ვიკადრებდი კართა მისთა განხმად თვინიერ ხოლო დღესა კვირიაკესა... რამეთუ შიში დიდი დაცემულ იყო ყოველსა კაცსა სუეტისა მისგან ცხოველისა. და ვერ ვიკადრე წინაშე მისსა აღმოკუეთად მიწაჲ სამარედ ჩემდა...” ( “მოქცევაჲ ქართლისაჲ”).


“ანდერძი” მეფე მირიანისა, რომელსაც იგი ნანა დედოფალსა და თავის ძეს, რევს უტოვებს, იმავდროს სრულიად ქართველი ერისადმია აღმოთქმული, რომელიც უწინარეს რჯულის - მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისაკენ მოგვიწოდებს და გვაფრთხილებს: “ხოლო შენ ფრთხილ იყავ, შვილო, საყვარელო, რევ, ვითარცა უწყებულ ვართ წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინოსაგან, მცნებანი მისნი დაიმარხნე და თავი შენი შეჰვედრე სუეტსა მას ზეგარდამო დიდებულსა და ჯვარსა პატიოსანსა...”; ანდერძში მეფე ერთ-ერთ პირველ მოვალეობად გვიდებს წმინდა ნინოს, “ქვესკნელიდან ჩვენს აღმომყანებელის” პატივსა და დიდებას და რათა თავი შევავედროთ და მივანდოთ “სუეტსა მას ზეგარდამო დიდებულსა და ჯვარსა მას პატიოსანსა...”


“და აღესრულა მირიან მეფე და დაეფლა ზემოსა ეკლესიასა, საშუალსა სვეტსა სამხრითსა ჩრდილოთ კერძო და მას სუეტსა შინა არს ნაწილი ღუთივაღმართებულისა მის სუეტისა და მეორესა წელსა მოკვდა ნანა დედოფალი და დაეფლა მასვე სვეტსა, დასავლით, სადა მირიან მეფე დამარხულ იყო” (“საქართველოს სამოთხე”).


პირველი ღმრთივგვირგვინოსანი მეფე მირიანის და ნანა დედოფლის ღვაწლი ქართულ, ბიზანტიურ და სხვა წყაროებში აღნუსხულია და განდიდებული. ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წინაშე გაწეული  დაუცხრომელი ღვაწლისათვის, წმიდა ეკლესიამ ისინი წმიდათა დასში შერაცხა და მოციქულთასწორად სახელდვა:
საქართველოს ქრიტიანული სახელმწიფოს დამყარებისათვის;
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამტკიცებისათვის;
მართლმადიდებელი ერის ერთობისათვს (ბიზანტიასთან ურთიერთობა) გაწეული ღვაწლისათვის;
მოციქულთასწორ წმინდა ნინოს თაყვანისცემის დადებისათვის;
საქართველოში ჯვრის დღესასწაულის დაწესებისათვის; 
უდიდესი ქრისტიანული სიწმიდეების მოხვეჭისათვის;
საუფლო კვართის პირველშემოსვისათვის და პირველ ტაძართა შენებისათვის;
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მიწის ნაკვეთის მოხვეჭისათვის;
წარმართული ცდომილების აღმოფხვრისათვის;
მართლმადიდებელი სარწმუნოების კავკასიაში გავრცელებისათვის;


ქართული სულიერ-კულტურული წეს-ჩვეულების, ცნობიერების ჩამოყალიბებისა და მისი ისტორიის წარმართვისათვის საქართველოს  წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოციქულთასწორთ წმინდა მეფე მირიანს და ნანას მადლობით უგალობს და ადიდებს:


“მოციქულთასწორნო წმიდანო, მეფე მირიან და დედოფალო ნანა,

ევედრენით მოწყალესა ღმერთსა,

რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს

და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა” (ტროპარი).


“იხარებს მეფობაჲ ქართლისა დღესასწაულსა შენსა, ნეტარო მირიან,

რამეთუ საცთური ბნელისა მოიძულე და განასპეტაკე ნათლითა ღვთაებისათა;

ვინაცა შემდეგ ჭეშმარიტებისასა, ნინოს ნიშთა მიერ მის მიერითა იმოძღვრე

და ერი შენი მიჰგვარე ქრისტესა, რომელსა ევედრე ჩვენ ყოველთათვის.” (კონდაკი).   


              
                     მარინე ნიაური

 

 

 

 
2017 © Samtavro.Ge.All Rights Reserved. Created by: Proservice