შეკითხვები მოძღვარს

1. რატომ ვაცხობთ ბარბარობას ოჯახებში ლობიანებსა და ვხარშავთ გოგრას? საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია და არის თუ არა ეკლესიურად გამართლებული?

ქართულ წარმოდგენაში ბარბარობა ითვლებოდა ერთ-ერთ უძველეს წინასაახალწლო დღესასწაულად. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას სხვადასხვაგვარად დღესასწაულობდნენ; ნამცხვრის სახით ამზადებდნენ სხვადასხვა  შესაწირავებს: ზოგიერთ კუთხეში მაგალითად, რძის ფაფას, ხაჭაპურებს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ კი ლობიანებს, ნიგვზისა და ხახვისგულიან ჯვარდასმულ ქადებს, ან სადღესასწაულო განატეხს. ეს ყველაფერი ეკლესიურ სწავლებას არ უპირისპირდება. აქედან გამომდინარე, დასაშვებია ამ დღეს ლობიანებისა და სხვადასხვა სამარხო კერძების მომზადება.

2. უნდა შემოვატაროთ თუ არა შესაწირი ცხვარი სამჯერ ტაძარს?

არ არის აუცილებელი.

3. რამდენად გამართლებულია ტაძრის მოლოცვისას ადამიანმა თვითნებურად ხატის წინ ანთებული კანდელიდან თავად იცხოს ზეთი?

ტაძრებში მღვდელი ზეთს სცხებს გარკვეულ დროს: საღამოს ლოცვისას, ან პარაკლისებზე (ამას გარდა, შვიდგზის ზეთისცხებისას მძიმე მარხვაში), რასაც დიდი მადლი და ძალა აქვს მრევლისთვის. თვითნებურად ტაძრებში კანდელიდან ზეთისცხებას თან სდევს სიწმინდეებისადმი უპატიო მოპყრობა, კანდელის დასვრა, ხშირად სანთლის ნაღვენთებით ბინძურდება კანდელი, როდესაც იქიდან სანთლებს ანთებენ. აქედან გამომდინარე, სჯობს ამ ქმედებისგან თავის შეკავება.

4. შეიძლება თუ არა ვატაროთ ორი (ან, მეტი) ჯვარი?

ერთდროულად ორი, ან რამდენიმე ჯვრის ტარება არ შეიძლება.

5. შემიძლია თუ არა მოუნათლავი ჩვილის მოხსენიება?

საეკლესიო კანონიკის მიხედვით, მოუნათლავებს არ იხსენიებენ.

6. შემიძლია თუ არა ვიმარხულო, როდესაც მოძღვარი არ მყავს?

მარხვა სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. სულიერი ცხოვრება კი სულიერი მოძღვრის გარეშე არ არსებობს.

7. რამდენი სანთელი უნდა დაანთოს ტაძარში ადამიანმა?

ეს ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს მისი სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით.

8. დაუჯდომელი საგალობლების წაკითხვას აუცილებლად სჭირდება მოძღვრისგან კურთხევა?

საერთოდ, ადამიანი სულიერ ცხოვრებაში ყველაფერზე (განსაკუთრებით, კი ლოცვის წაკითვასთან დაკავშირებით) მოძღვრისან იღებს კურთხევას. მაგრამ, თუ ადამიანი მოძღვრის ძიებაშია, ლოცვა (მათ შორის, დაუჯდომელი საგალობლების) ყველაზე მეტად დაეხმარება.

9. შეუძლია თუ არა ნებისმიერ მსურველს დაესწროს კვეთებულის ლოცვას?

კვეთებულის ლოცვას ადამიანი მხოლოდ მოძღვრის კურთხევის შემდეგ შეიძლება დაესწროს.

10. ქალაქში დადის ხმა, თითქოს მამა გაბრიელის საფლავის გახსნა მოხდება ამაწლის სამშაბათს, გთხოვთ გვიპასუხოთ, შეგვეძლება თუ არა დავესწროთ ამ ისტორიულ მოვლენას?

მამა გაბრიელის საფლავის გახსნაზე საუბარი ნაადრევია. ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ. სამთავროს დედათა მონასტერი მამა გაბრიელის ცხოვრებასთან და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით მომზადებულ მასალას უახლოეს მომავალში წარუდგენს უწმინდესსა და უნეტარესს  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს  ილია II-ს, რომელიც აღნიშნულ მასალას განსახილველად გადასცემს წმინდა სინოდს. ჩვენც, ცხადია დაველოდებით წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას.

 


 

 
 
2017 © Samtavro.Ge.All Rights Reserved. Created by: Proservice