მამა გაბრიელი
(ეპიზოდები ბერის ცხოვრებიდან)


„სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძენეს კაცთა არს“
(კორინთელთა 1, 25)
"უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ,
ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ,
ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი,
და მიიცვალოს,
 და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ".
(მათე 17,20)


უკიდეგანო რწმენა ღმრთისა და საოცარი ერთგულება მოყვასისა იყო საფუძველი, რომლითაც არქიმანდრიტი გაბრიელი ბავშვობიდანვე მტკიცედ დაადგა ღვთისაკენ მიმავალ ვიწრო ბილიკს, რამეთუ: ”არავინ გამოდგება სასუფევლისათვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში და თან უკან იხედება” (ლუკა 9, 62). 

არა მარტო ერის ადამიანებს შორის, ღვთისმსახურთა რიგებშიც ძნელად მოიძებნება ისეთი, ვინც შეფარულად უამრავ ბრძნულს მოიმოქმედებს და გონებანაკლულის ნიღბით მიწასთან გაასწორებს საკუთარ ღირსებას. 
ხშირად მთვრალივით მობარბაცე, მამხილებელი ყვირილით, არად აგდებდა კაცობრიობის იმ ნაწილის შეხედულებებს, რომელთა თანამოაზრე წინაპრებმაც ჩვენი უფალი - იესო ქრისტე - ჯვარს აცვეს და იოანე ნათლისმცემელს თავი წარკვეთეს. მამა გაბრიელი მხოლოდ ღვთის სათნო საქმეს ემსახურებოდა.
ჩვენი დროის უდიდესი ბერი, ქრისტიანული ცხოვრების ჭეშმარიტი მასწავლებელი იყო არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე).

ბერი გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში, თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში, წმიდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად. მამა ადრე გარდაეცვალა და ახლობლები მის სახელს, ვასიკოს ეძახდნენ. დედა - შემოდგომში მონაზონი ანა, დაკრძალულია წმიდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში. ძმა ადრევე გარდაცვლილა. ჰყავს ორი და.

ვასიკომ ექვსი წელიწადი ისწავლა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში. მეზობელი ჟენია ქობელაშვილი ამგვარად იგონებს მის ბავშვობას: „ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში, არ მახსოვს მასწავლებელს მისთვის შენიშვნა მიეცა, დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას. მისი ერთადერთი გართობა ეს იყო. ზუსტად ვერ გეტყვით რა დღეებში, მაგრამ კარგად მახსოვს, ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა. შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა. ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა, მუდმივად ტოვებდა საჭმელს“.

ბავშვობაში მეზობლების ჩხუბს შეესწრო; ერთმა უთხრა მეორეს, რა ჯვარზე მაცვი ქრისტესავითო. გაკვირვებულმა ვასიკომ იკითხა - რატომ აცვეს ქრისტე ჯვარსო? პასუხი ვერავინ გასცა, უთხრეს ეკლესიაში წასულიყო. სამწუხაროდ, ისიც დაკეტილი დახვდა. დარაჯმა ურჩია წაეკითხა ქრისტეს ისტორია. ამის შემდეგ დაიწყო ფულის შეგროვება, ღვთის წყალობით შეიძინა წიგნი და ქრისტეს ცხოვრებას გაეცნო.

ღვთისაგან ბოძებული სულიერება ბავშვობიდანვე უსწრებდა წინ მის ფიზიკურ ზრდას. ამიტომაც საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოეყო ოჯახს, ეზოში ალიზით აიშენა  ისეთი პატარა სენაკი, მხოლოდ თვითონ რომ შეძლებდა დაძინებას და იქ გადავიდა საცხოვრებლად. სენაკში სარეცელიც კი არ ედგა. დედას შეეცოდა და მის დაუკითხავად, როცა შვილი შინ არ იყო, ბალიში შეიტანა. დაბრუნდა თუ არა ვასიკო, ბალიში ნაჯახით აკუწა და განრისხებულმა თქვა: „როგორ გაბედე ბერის სენაკში უნებართვოდ შესვლა, უფალი ჩვენი - იესო ქრისტე იმდენად ღარიბი იყო, თავის მისადრეკელიც კი არ ჰქონდა“.

მამა გაბრიელმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება. სწორედ ამ დროს მივიდა სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერში. დედებმა დააპურეს, მაგრამ ღამე არ გაათევინეს. მადლი ღვთისა მასში იმდენად დიდი იყო, სახლში არ წავიდა, ღამე ჭიშკართან გაათია და დილით ღვთისმშობელს სთხოვა: „ამ ქვეყნიდან ისე ნუ გამიყვან, აქ რომ სენაკი არ მომცე“. უფლისთვის სათნო იყო ეს სურვილი - მოგვიანებით, ბერმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები სამთავროს დედათა მონასტერში გაატარა. იგი კოშკში მოღვაწეობდა. ეს კურთხევა მან, როგორც თავად ამბობდა, ღვთისმშობლისა და ორი პატრიარქისაგან მიიღო.

დედის მუცლიდანვე გამორჩეული ჭურჭელი ღვთისა ეკლესიით საზრდოობდა. როდესაც გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში ბათუმში, შევიდა ტაძარში და ნიკოლოზ სასწაულმოქმედს სთხოვა: დრო მიეცა ეკლესიაში სასიარულოდ. ღვთის წყალობა მან უსწრაფესად მიიღო. მეორე დღესვე გამოიძახეს და უთხრეს: დამტარებლად დაგნიშნეთო. დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებდა თუ არა, მაშინვე ტაძარს მიაშურებდა. იქ ისწავლა ხუცური დამწერლობა და ბნელჟამობის დროს სარდაფში გადამალული საეკლესიო წიგნებიც აღმოაჩინა. მღვდელმა ჩუმად აზიარა უფლის წმიდა სისხლსა და ხორცს საკურთხეველში. ოთხშაბათს და პარასკევს მუცელს აიტკივებდა და ხორცს არ ჭამდა. ასე მოიხადა მან სამხედრო სავალდებულო სამსახური - ნახევრად ჯარში და ნახევრად ეკლესიაში.

ჯარიდან დაბრუნებულს ოჯახის წევრებმა ცოლის შერთვა დააძალეს; ერთი ლამაზი გოგოც აჩვენეს. შეხვედრისას მან ქუდიც არ მოიხადა, ისე დაჯდა, სიტყვა არ წამოსცდენია, ადგა და გავიდა გარეთ. ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნა რომ აეცდინა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წავიდა, რათა თვითონვე ეთქვათ უარი მის ცოლობაზე. ექიმებს უკვირდათ: აქ ხალხი ძალით მოჰყავთ, ეს კი თავის ფეხით მოვიდაო. თუმცა, იმ უღმერთობის ჟამს, დაიწყო თუ არა ქრისტეს დიდებაზე ქადაგება, მაშინვე დაუსვეს დიაგნოზი: სულიერ ავადმყოფად მიიჩნიეს და სახლში მხოლოდ დედის ზედამხედველობის პირობით გაუშვეს.
სწორედ იმ პერიოდში დაიწყო ეზოში საკუთარი ხელით ეკლესიის აშენება. ხშირად ამბობდა: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა“.

რწმენისაგან დაცლილი იმჟამინდელი ხელისუფალნი ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს და ფიზიკურად ანადგურებდნენ ღვთისმსახურებს. ამიტომაც ხშირად აწიოკებდნენ ახალი ეკლესიის ამშენებელს და მის დანგრევას აიძულებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც მივიდოდნენ, რაღაც ნაწილს ეკლესიისას დაანგრევდნენ, ხოლო მეორე დღეს ჩუმად ფულს სთავაზობდნენ, რაც დავანგრიეთ აღადგინეთო.

ერთხელაც, მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი მივიდა მასთან. მამა გაბრიელს არ გაჭირვებია მათი მიზნის ამოცნობა. არც აცალა ხმის ამოღება ისე უთხრა: „მე არ დავანგრევ და თქვენ თუ შეძლებთ, დაანგრიეთ“. შეშინებიათ, წასულან და მუშები მოუყვანიათ. ბერს მათთვის კიდევ უთქვამს: „ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელი“. ამჯერად უფრო შეშინებიათ და წასულან. ასე გადაარჩინა ღვთის შიშმა მისი ეკლესია მთლიანად დანგრევას.

ბერი გაბრიელი ღვთის გზას ბავშვობიდანვე დაადგა, მაგრამ რომ განემტკიცებინა ყოველივე და ოფიციალური მსახური ყოფილიყო დედა ეკლესიისა, 1954 წლის 25 დეკემბერს ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს გაბრიელს (ჩაჩანიძე) მიმართა: „გთხოვთ, მიმიღოთ თქვენს საკათედრო ტაძარში მსახურად, რადგან სიყრმიდანვე ჩემს მიზანს ეს შეადგენს“. მღვდელმსახურმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა და 1955 წლის 1 იანვარს წმიდა ტრაპეზის მომვლელად და დღის მეთვალყურედ აკურთხა.

მანამდე მამა გაბრიელი 2 წლის მანძილზე მოღვაწეობდა სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რასაც ადასტურებს მის მიერ დაწერილი „უმდაბლესი თხოვნა“.

1955 წელს კვლავ ისევ ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოს გაბრიელის სახელზე  დაწერა „უმდაბლესი თხოვნა“: „ბავშვობიდანვე შთანერგილი მაქვს ღვთისმსახურება და ბერმონაზონობა, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ ინებოთ ჩემი აღკვეცა მცირე სქემაში და მიბოძოთ სახელი წმიდა გაბრიელ ათონელისა, მორჩილი თქვენი მეუფებისა“. ეს თხოვნა ეპისკოპოსმა გაბრიელმა შეიწყნარა და მიმართა მაღალ-ღირს არქიმანდრიტ გიორგის, „სქემა უკურთხოს აღსარებითურთ  მამა გოდერძის და თანახმად მისი სურვილისა ეწოდოს წმინდა ღირს მამა გაბრიელ ათონელის სახელი“.

1955 წლის 27 თებერვალს მოწამეთას მონასტერში, ყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსის გაბრიელის ხელდასხმით და არქიმანდრიტ გიორგის (დადიანი, რომელიც მოკლეს 1964 წელს, შიომღვიმის მონასტერში და დაკრძალულია სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერში) მონაწილეობით გოდერძი ურგებაძე აღიკვეცა ბერ-მონოზვნად და ეწოდა სახელი გაბრიელი, თანახმად მისი სურვილისა. აღკვეციდან რამდენიმე დღეში მღვდელმთავარმა გაბრიელმა გასცა კურთხევა,  მღვდელ-მონაზონი გაბრიელი დანიშნულიყო ხელფასიან მღვდლად. თუმცა შეტყობინების ამავე ფურცელზე მიწერილი იყო შემდეგი: „მღვდელ-მონაზონმა ურგებაძე გაბრიელმა (იგივე გოდერძი) ვასილის-ძემ 1956 წლის იანვარში დატოვა მღვდელ-მონაზონობა და წავიდა საერო სამსახურში”. საინტერესოა მამა გაბრიელის მიერ დაწერილ ღვთისმსახურების მიტოვებასთან დაკავშირებულ განცხადებაზე ეპისკოპოსი გაბრიელის წარწერა: „...მართალია იჩენდა მამა გაბრიელი მუყაითობას, მორჩილებას, უანგარობას, საქმისადმი ერთგულებას, მაგრამ რადგან ჰქონდა ქრონიკული შიზოფრენია, სამწუხაროდ, სწორედ მაშინ იჩინა თავი, როდესაც გაიმართა წირვა-ლოცვის წესების შესრულებაში... მაგრამ რადგან მაინც ეკლესიას შეაფარა თავი სიონში, ამიტომ პირადი საქმე ჩაბარდეს საკათალიკოსოს სამდივნოს“. 1955 წლის 29 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოდან მიტროპოლიტ გაბრიელს ეგზავნება შემდეგი შინაარსის საპასუხო წერილი: „...პატივისცემით გიბრუნებთ საეპარქიო კანცელარიაში დასაცავად და შესანახად ყოფილი მღვდელ-მონაზონ გაბრიელის - გოდერძი ურგებაძის საქმეებს. რადგან თქვენი ხელდასხმულია და დაყენებული, ამიტომ თქვენ კანცელარიაში უნდა ინახებოდეს. პატრიარქის მდივანი პ. გაგოშიძე“.

ასე დაიწყო მამა გაბრიელის პირადმა საქმეებმა მოგზაურობა დასავლეთიდან აღმოსავლეთში და პირიქით. გაკვირვებას იწვევს მამა გაბრიელის მიერ ჯერ ღვთისმსახურების მიტოვებასთან დაკავშირებული განცხადება: „გთხოვთ გამიშვათ სამსახურიდან“ და შემდეგ კი აზრობრივად მისი გამომრიცხველი განხცადებები: „ნუ დამტოვებთ ქუჩაში...“ „გთხოვთ დამნიშნოთ მე უადგილო მღვდელ-მონაზონი...“ „გთხოვთ ბერობას სვეტიცხოველში...“ და ა.შ.

1955 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკი ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს შემდეგი შინაარსის წერილს უგზავნის:
„მაღალყოვლადუსამღვდელოესო გაბრიელ, გვაკურთხეთ. ამის მომტანს  გოდერძი ურგებაძეს იცნობთ, რასაკვირველია, მას თქვენგან აქვს აკრძალული მღველმოქმედება. გთხოვთ, ახსენით აკრძალვა, ვგონებ ისეთი რამ არ ჩაუდენია, რომ სამუდამოდ აკრძალვის ქვეშ იყოს. გთხოვთ უსათუოდ გაანთავისუფლოთ. სიყვარულით კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკი. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ განთავისუფლების საბუთი“.

უდავოდ გაგაოცებს პატრიარქის მიერ ამ პატარა წერილში ხაზგასმით სამჯერ აღნიშნული ერთი და იგივე თხოვნა, რაც მის თბილ განწყობას ადასტურებს მამა გაბრიელისადმი. არც გაბრიელ ეპისკოპოსი იჩენს ბერისადმი გულგრილობას. ეს შესამჩნევად ჩანს მისი პასუხიდან: „უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო, აღსრულედეს კეთილი და მამობრივი სურვილი თქვენი უწმინდესობისა, დღესვე შეუდგეს მღვდელმოქმედებას.
მიტროპოლიტი გაბრიელი“.

აქვე წარმოგიდგენთ ბერი გაბრიელის დის, ქალბატონ ჯულიეტას მოგონებას, რომელიც იმ პერიოდს ეხება: „მოვიდოდა სახლში, დაიჩოქებდა თავისი ხელით აშენებული ეკლესიის წინ და დაიწყებდა გოდებას: უფალო, შენს სადიდებლად აშენებული ეკლესია მე როგორ დავანგრიო?“
ეს ყველაფერი იმ დროს ხდებოდა, როდიესაც ფიზიკურად ანადგურებდნენ ღვთისმსახურებს, იმის შიშით, რომ არ შეერყიათ მათი ძირმომპალი წყობა.

1965 წლის 1 მაისს მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12-მეტრიანი სურათი დაწვა. იგი დააპატიმრა სახელმწიფო უშიშროების საგამომძიებლო განყოფილებამ 71-ე მუხლის I ნაწილით და თბილისის №1 იზოლატორში შეასახლა იმავე წლის 12 მაისს. მისადაგებული მუხლი ითვალისწინებდა ანტისაბჭოურ პროპაგანდას.

დაკითხვისას მამა გაბრიელმა განაცხადა: „ეს ჩავიდინე იმისთვის, რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი. მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება, რას დაგიწერიათ „დიდება ლენინს“, კაცს რად უნდა დიდება, უნდა ეწეროს: „დიდება ქრისტე ღმერთს“. ამ სიტყვებმა საგამოძიებო ორგანოებში ეჭვი დაბადა, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1965 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, გადაგზავნილ იქნა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექსპერტიზაზე, სადაც ბერმა დაჰყო 1965 წლის 3 აგვისტოდან 12 ოქტომბრამდე.
ამონაწერი მამა გაბრიელის ავადმყოფობის ისტორიიდან (გაცემული 1966 წლის 19 იანვარს).

„...დიაგნოზი: ფსიქოპატიური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიისმაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით... თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით, სწამს არსებობა ზეციური არსისა, ღმერთისა, ანგელოზებისა. საუბრისას ძირითადი ღერძი ყოველთვის იქითკენაა მიმართული, რომ ღმერთის წყალობითაა ყველაფერი. განყოფილებაში განმარტოვებულია, თუ კი ვინმე გამოელაპარაკა, უსათუოდ უხსენებს ღმერთს, ანგელოზებს, ხატებს“.
აი, რა იყო საფუძველი ათეისტური მთავრობისათვის, რომ ღვთისმსახური ავადმყოფად შეერაცხათ, თუმცა ზოგი ჭირი მარგებელიაო - ყოველივე ამან იხსნა ბერი დახვრეტისაგან. იგი 24 საათში უნდა დაესაჯათ, მაგრამ ღმერთმა იხსნა თავისი ერთგული მონა მტარვალთაგან და სიკვდილს გადაარჩინა, რათა ხალხისათვის სწორი გზის მიმნიშნებელი შეენარჩუნებინა.

მამა გაბრიელის ღრმა რწმენის დასტურია კიდევ ერთი მოგონება, რომელიც რაფიელ კობაჩიშვილის ვაჟს - გიას - ეკუთვნის: „ჩვენ მამა გაბრიელის მეზობლად ვცხოვრობდით, პატარა ბიჭებს აგვიყოლიებდა ხოლმე, დაგვირიგებდა ჯვრებს და წმიდა ბარბარეს ეკლესიის გარშემო გვატარებდა. ერთხელ რაღაც საოცარი გამომეტყველებით თვალებში ჩამხედა და მითხრა: გახსოვდეს მუდამ, ღმერთი არის! თქვა თუ არა ეს სიტყვები, წაიქცა და თავი დაარტყა მიწას. ხელებს იქნევდა, სულელურად იქცეოდა. მიუხედავად მისი ასეთი საქციელისა, მე მაშინვე მივხვდი, რომ იგი სულაც არ იყო სულელი. მან რწმენით ნათქვამი ორი სიტყვით ღმერთის სიყვარული სამუდამოდ დაამკვიდრა ჩემში, ამას ისიც დაემატა, რომ ჩემს ოჯახს შემოსწირა უფლის ხატი, ჩაკეტილი ჩარჩოთი. ეს იყო სამოცდაათიან წლებში. როცა ოჯახს გასაჭირი ელის, უფლის ხატი იხსნება თავისით და გვიხსნის ყოველგვარი განსაცდელისაგან, რისთვისაც მუხლმოდრეკით ვმადლობთ უფალს და მისი ხატის ჩვენს სახლში მომბრძანებელს - მამა გაბრიელს“.

უღმერთოების პერიოდის ხელისუფლებამ, რომელიც მას თან სდევდა დაბადებიდან თითქმის გარდაცვალებამდე, მრავალჯერ ატკინა გული. მიუხედავად ამისა, განკითხვა არავისი წამოსცდენია, მათიც კი ვინც ლენინის სურათის დაწვის გამო საშინლად სცემა.

აი, რას წერს სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტრის წინამძღვარი - იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი), ბერისადმი მიძღვნილ მოგონებაში:
„მამა გაბრიელი მოყვასის განკითხვას სასტიკად გვიკრძალავდა და ასე გვმოძღვრავდა: დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“.
მამა გაბრიელი ყოველთვის ცდილობდა სალოსური ქმედებით დაეფარა სიბრძნე, თუმცა ირგვლივმყოფნი მაინც გრძნობდნენ მასში ღვთისაგან ბოძებულ უდიდეს მადლს.

1990-იან წლებში მამა გაბრიელის სულიერი ცხოვრებით დაინტერესდა მოსკოველი მკვლევარი, ვალერია ალფეევა. იგი შეხვდა ბერს, გაეცნო მის ცხოვრებას და გამოსცა წიგნი: „წოდებულნი, მორწმუნენი, რჩეულნი“, სადაც საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს მამა გაბრიელის მოღვაწეობის აღწერას. ავტორი მას რჩეულთა რიცხვს მიაკუთვნებს (წიგნი ქართულად გამოსცა ოთარ ნიკოლაიშვილმა).

1991 წელს ამერიკის ერთ-ერთი მონასტრის, „ღირსი მამა გერმანე ალიასკელის ძმობის“ წევრების საქართველოში სტუმრობის ძირითადი მიზანი, გაბრიელ ბერთან შეხვედრა იყო. ძმობის ერთ-ერთი წევრი, მღვდელ-მონაზონი გერასიმე წერს: „ღვთისმსახურთა შორის, არქიმანდრიტი გაბრიელი, არის საქართველოს თანამედროვე გმირი, ქართული ეკლესიის ცოცხალი მემატიანე, სულიერი მამა და თავისი დროის ლეგენდა... რომელმაც გადაიტანა გაუგონარი წამება, დევნა ქრისტესათვის და მაინც ცოცხალი დარჩა. ის აგრძლებდა სიცოცხლეს, რათა მოწმე ყოფილიყო ნათლისა... არ ტოვებდა საქართველოს ტანჯულ ეკლესიას უმძიმეს წლებში“.

სწორედ რომ საოცარი სისპეტაკით ასრულებდა ბერი გაბრიელი სალოსის მსოფლმხედველობით ქრისტიანული მოძღვრების ყველა მოთხოვნას, რომელსაც უფლისა და მოყვასის სიყვარული მიუძღოდა კელაპტრად.

ასეთი მრწამსით განვლო ბერმა ღვთისაგან ბოძებული სიცოცხლე, რომლის ბოლო დღე გახლდათ 1995 წლის 2 ნოემბერი, ოთხშაბათი. დილიდანვე მის სენაკში შეიკრიბნენ ახლობლები, ოჯახის წევრები, სამთავროს დედათა მონასტრის წევრები მამა საბამ (კუჭავა), მონასტრის სულიერმა მოძღვარმა, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე აზიარებდა მამა გაბრიელს, რამდენიმე პარაკლისი გადაუხადა. მეუფე დანიელმა და ბერის მკურნალმა ექიმმა - ზურაბ ვარაზაშვილმა - შემოსეს იმ ქვეყნისათვის და მისი ცხედარი კოშკიდან გადაასვენეს სამთავროს ფერისცვალების ტაძარში. მონაზვნებმა ერთხმად აღიარეს: თუ გადაიტანდნენ მამა გაბრიელის გარდაცვალებას ვერ წარმოედგინათ, იმდენად უყვარდათ, მაგრამ სწორედ იმ დღეს მოხდა სასწაული, ისეთი საზეიმო განწყობა დაეუფლათ, გასაოცარი. ყველამ იგრძნო მამა გაბრიელის მეოხება. მეორე დღეს მონასტერში მიბრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და მიცვალებულს პანაშვიდი გადაუხადა.

დადგა მისი დაკრძალვის დღე. ანდერძისაებრ, იგი ჭილოფში გაახვიეს, საფლავში სათუთად ჩაასვენეს, მაგრამ მიწის მიყრა ვერავინ შეძლო. ბოლოს ასეთი რამ მოისაზრეს; გაცრილი მიწა სააფლავის კიდეებს ნელ-ნელა მიაყარეს და როცა მიწა მის ცხედარს ასცილდა, თვითონვე დაიწყო გადაფარება ნაზად და სათუთად, ისეთივე სიყვარულით ჩაიკრა გულში იმავ მიწის ერთგული შვილი, რა სიყვარულითაც უყვარდა მამა გაბრიელს თავის სამშობლოს მიწა-წყალი.
ასე ლამაზად და სათნოდ მიეახლა არქიმადრიტი გაბრიელის სული ღმერთს და ხორცი მიწას. გავიდა ამ სოფლიდან ქრისტესა და მოყვასის უბადლო სიყვარულით აღვსილი სალოსი, მამხილებელი ხშირად და არასდროს განმკითხავი, მრავალნატანჯი და გულნატკენი ღვთისმსახური.

ღმერთმა მას დიდი ერთგულებისა და უკიდეგანო რწმენისათვის გარდაცვალების შემდეგაც დაუტოვა კურნების ძალა. ამიტომაა რომ დაუსრულებლად მოედინება მავანი და მავანი სამთავროს მონასტერში და მისი კანდელის ზეთის კურნებით კმაყოფილთ, მიჰყვებათ მადლი იმ მიწისა, სადაც თოთხმეტი წლის წმიდა ნინომ დაიწყო მოღვაწეობა.

 

წიგნიდან: „ბერის დიადემა“
ავტორი: დალი მშვენიერაძე


 
 
2024 © Samtavro.Ge.All Rights Reserved. Created by: Proservice